საქართველოს ახალი კოზირი - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალი კოზირი

ტურისტული ცნობარის მიხედვით, სოჭის მიმდებარე "კრასნაია პოლიანას" (წითელი მდელო) ეს სახელი შემოდგომით იქ წითლად აბიბინებული გვიმრის გამო დაერქვა.

ჩერქეზები კი, რომელთა წინაპრები XIX ს-ის შუა წლებამდე ამ მიწებს თავისად მიიჩნევდნენ, ამტკიცებენ, ეს მიწა 1817-1864 წლებში რუსების მიერ დახოცილი ასიათასობით ჩვენი წინაპრის სისხლით არის გაჟღენთილი და ამიტომ აქ ოლიმპიადის ჩატარება არ შეიძლებაო: "რომელი ჭკუათამყოფელი გადაწყვეტდა ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ოსვენციმში?! სოჭი კი ჩვენი ოსვენციმია," - აცხადებს კალიფორნიის ჩერქეზული ასოციაციის მეთაური შიშეკ ჩეკი. ცოტა ხნის წინ ჩერქეზებს ამ საკითხში საქართველომაც დაუჭირა მხარი. თბილისი სულ უფრო აქტიურად ითვისებს ჩრდილოკავკასიურ მიმართულებას.

ჯერ რუსულენოვანი ტელეარხი "პირველი კავკასიური" გახსნა, მერე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შექმნა. ახლა კი, თურმე, საქართველოს პარლამენტი მეფის რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებას აპირებს.

- საქართველოს მეთაურების ადგილას რომ ვიყო, ჩერქეზული საკითხის წამომწევს ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოებდი. თბილისის ახლანდელი პოლიტიკის კვალად ეს დიდებული და მომგებიანი თემაა, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი, კავკასიური თემატიკის ექსპერტი ანდრეი ეპიფანცევი.

გენოციდის აღიარებით საქართველო გვარიანად შეულახავს იმიჯს რუსეთს, შუღლს ჩამოაგდებს ჩერქეზებსა და მათ მონათესავე აფხაზებს შორის (1992-1993 წლებში ბევრი მოხალისე ჩერქეზი აფხაზებთან ერთად ებრძოდა ქართველებს), ამით მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში არევს ისედაც გამწვავებულ სიტუაციას. რაც მთავარია, ხელს შეუშლის სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას. საქართველო კი "კავკასიური საქმის" დამცველად წარმოჩნდება, თანაც არა მარტო ჩერქეზებისთვის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებისთვისაც.

რუსეთი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ეღირსა იმას, რომ უკრაინელთა შიმშილით ამოხოცვაში აღარ ადანაშაულებენ. რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში კატინის საქმეში აშკარა პროგრესი მას შემდეგ დაიწყო, რაც სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტი და მთელი მისი სამთავრობო გუნდი დაიღუპა. ჩერქეზული თემაც არანაკლებ უსიამოვნებებს გვპირდება - ეს ხომ ცივილიზებული ევროპა ან მოძმე უკრაინა არ არის, კავკასიააო", - ამბობენ კრემლში. თეთრი სახლის ერთ-ერთი მოხელე წუხს, - ჩერქეზული თემა ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად გადაიქცევა ახალ ისტორიულ-პოლიტიკურ პრობლემად.

დუმაში მაინც განვიხილოთ ეს საკითხი, დავასწროთ ქართველებსო". თუ საქართველოს პარლამენტი გენოციდს აღიარებს, ისტორიულად ეს  რუსეთის  პირველი ოფიციალური დადანაშაულება იქნება გენოციდში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ: - "როგორც ყოველთვის, საქართველოს ქმედება უადგილოა".

მარტის მიწურულს, თბილისში, ფონდ ჯეიმსთაუნ-ის მხარდაჭერით, ჩერქეზების გენოციდისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ეს მიხეილ სააკაშვილის პროექტი იყო. ფონდის დამფუძნებელთა საბჭოში კი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანაშემწე ზბიგნევ ბჟეზინსკი და ცსს-ს ყოფილი მეთაური ჯეიმს ვულსი შედიან.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს, მაგრამ ქართველები ჯერ არ ჩქარობენ, ამბობენ - აკადემიური წრეების ჩაურთველად ეს საკითხი ვერ გადაწყდებაო. პოლიტოლოგ ეპიფანცევის აზრით კი, საქართველოსთვის ჩერქეზული საკითხი დიდებული კოზირია, რომელიც ჯერჯერობით საგულდაგულოდ უნდა შეინახოს...

"ნიუსვიკი", რუსეთი

იბეჭდება შემოკლებით