რუსეთზე ზემოქმედების ახალი ბერკეტები - კვირის პალიტრა

რუსეთზე ზემოქმედების ახალი ბერკეტები

თითქოს ჯერ ადრეა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის პოლიტიკაზე ფიქრი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაშები რუსეთში, სოჭში უნდა ჩატარდეს, ის კი სულ რაღაც რამდენიმე მილით არის დაშორებული აფხაზეთიდან, ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთმა საქართველოს წაართვა. მოკლედ, რთული სიტუაციაა და ამიტომაც დროზეა საჭირო გარკვეული ზომების მიღება.

ცოტას თუ აქვს იმედი, რომ აშშ და ევროპა სოჭის თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებენ (ისევე, როგორც მოსკოვს 1980 წელს), მაგრამ ფაქტია, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, 2014 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობა  ნიშნავს იმას, რომ ჩვენდა უნებურად თანამონაწილენი ვხდებით რუსეთის მიერ დანერგილი პრაქტიკისა - ძალის მეშვეობით ევროპის საზღვრების შეცვლისა.

წარმოვიდგინოთ გარემოების პრაქტიკული ასპექტები. აფხაზეთი რომ სუვერენული საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს გარდა. არადა, დღეს სწორედ აფხაზეთში არიან დაბინავებულნი სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლები.

2014 წლისთვის იქ ტურისტებს ჩაიყვანენ, ისინი კი ისე გადალახავენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი აღარავის გაახსენდება. თვალში საცემი გახდება აფხაზეთის "სახელმწიფოებრიობის" სიმბოლოები - დროშები, სამოგზაურო დოკუმენტაცია, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტები" ოლიმპიურ თამაშებს აშშ-ისა და ევროპის ლიდერებთან ერთად დაესწრებიან.

ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის უხერხული არჩევანის თავიდან ასაცილებლად აშშ-მა და ევროპამ მესამე გზა უნდა გამოძებნონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორი უნდა გახდეს, რომლითაც კავკასიამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა.

რუსეთს სოჭის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება აინტერესებს და სწორედ ეს უნდა გახდეს მოსკოვის ნულოვანი თამაშების (რომელიც დაფუძნებულია ლოზუნგზე - დაყავი და იბატონე კავკასიაში) დასრულების სტიმული. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა რეგიონის ქვეყნებისთვის, იქ მცხოვრები ხალხისთვის, მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და ოლიმპიური თამაშებისთვისაც.

ამის მისაღწევად ოთხი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

პირველი - ცხადი უნდა გავხადოთ, რომ დღევანდელი ევროპა ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას არასოდეს აღიარებს. ახლავე უნდა გადაიდგას დიპლომატიური ნაბიჯები, რათა შემოდგომაზე ნატოსა და აშშ-ევროპის სამიტებზე ოფიციალურად დადასტურდეს საქართველოს მეორე სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის არცნობის პოლიტიკა.

დეტალები დაზუსტებული კი იქნება, მაგრამ ამგვარი პოლიტიკა უნდა გულისხმობდეს იმას, რომ დაუშვებელია ამ ორი ტერიტორიის სახელმწიფოებრიობის და მათ მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტების აღიარება; საქართველოს ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიებზე ოფიციალური ვიზიტები, არსებულ ბიზნესწარმონაქმნებთან ვაჭრობა და ინვესტირება, სეპარატისტული ტერიტორიების ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემა მხოლოდ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ წაყენებული პირობების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი.

მეორე - არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, აშშ-მა და ევროპამ ახალი ბიძგი უნდა მისცენ ჟKენევის პროცესს - მოლაპარაკებებს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. პირველი მოლაპარაკებები 2008 წელს შედგა, მაგრამ ახლა შეჩერდა. აშშ-მა "გადატვირთვაზე" 2009 წლის დასაწყისშივე მიანიშნა, ახლა დროა რუსეთმაც დაიწყოს "გადატვირთვა".

მესამე - უნდა განახლდეს ძალისხმევა რეგიონის კიდევ ერთი დიდი კონფლიქტის მოსაგვარებლად - ეს მთიანი ყარაბაღია. ამ საკითხზე აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ და პრობლემის მოგვარების კონტურები გამოკვეთილია.

მეოთხე - ეუთომ, ევროკავშირმა და აშშ-მა მეტი რესურსი უნდა ჩადონ დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად, მხარი დაუჭირონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონფლიქტის ზონების მონიტორინგს, ებრძოლონ კორუფციას, განამტკიცონ ტურიზმი და მოიზიდონ ინვესტიციები მთელ კავკასიაში. ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი გააძლიერებს კონფლიქტების გადაწყვეტის სტიმულს და სეპარატისტულ ტერიტორიებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გაუჩენს.

თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არაფერს გააკეთებენ, 2014 წელს მართლაც უსიამოვნო სიტუაციას წავაწყდებით, მაგრამ თუ აქტიურობას ახლავე დავიწყებთ, მოვიპოვებთ პოზიციას, რომელსაც საფუძვლად დემოკრატიული ფასეულობები დაედება და სოჭის ოლიმპიადაზე კარგა ხნით ადრე პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის პერსპექტივა შეიქმნება.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ