სანუგეშოდ - ტანკები და მერის არჩევნები - კვირის პალიტრა

სანუგეშოდ - ტანკები და მერის არჩევნები

"მიშა" ბრუნდება: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველ პოლიტიკურ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გარანტირებული გამარჯვება ელის.

საქართველოს მეთაურზე ხშირად უცნაურ ჭორებს ავრცელებენ. ამბობენ, თავის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჯეიმს ბონდივით სავარძელს კატაპულტირების ღილაკი დაუყენა, რადგან მისი ახლო მოკავშირის, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, პილოტის შეცდომისა ეშინიაო. ამბობენ, შარშან სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე უარი იმიტომ თქვა, რომ ეგვიპტის ლიდერის, ანვარ ელ-სადათის მსგავსად ტრიბუნაზე საკუთარი ჯარისკაცებისგან ჩაცხრილვის საფრთხე თავიდან აეცილებინაო.

წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. 2009 წლის მაისის მუხროვანის ამბოხი, როდესაც რუსეთთან კაპიტულაციითა და ორი რეგიონის დაკარგვით იმედგაცრუებულმა სატანკო ბატალიონმა სახელმწიფოს მეთაურს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა,  სამართლებრივად დასრულდა. მეთაურებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე კი, წაგებული ომის შემდეგ, პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოჰყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მაგრად ზის უნაგირზე.

კავკასიის რესპუბლიკაში დანიშნული ვადამდე მუნიციპალური არჩევნებით, კერძოდ კი დედაქალაქ თბილისში დაგეგმილი კენჭისყრით, სადაც მილიონი ამომრჩეველია და უდავოდ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, სააკაშვილი ქვეყანას 2008 წლის ომის მარცხის შემდეგ ახალ წესრიგს სთავაზობს. პრეზიდენტი, რომლის ქმედებებიც ხშირად გაუთვალისწინებელია, უკან დახევაზე უარს ამბობს იმის მიუხედავადაც, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის მეთაურობით, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დააკისრა.

ომში მარცხი, დევნილების დრამა და სამხედრო დაუდევრობა საქართველოს დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, თუმცა სააკაშვილმა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ოპონენტებს შანსი მაინც არ დაუტოვა, უწინარესად კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდად პატივცემულ საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში, ირაკლი ალასანიას. არჩევნების წინ კვლევები სააკაშვილის პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აშკარა გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა.

თბილისში ოპოზიციაც არ არის ერთსულოვანი. ის შარშან, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა სააკაშვილის იძულებას, გადამდგარიყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საარჩევნო რბოლაში თავისი კანდიდატი ჰყავს - მემარჯვენე ნაციონალისტი ზვიად ძიძიგური, საარჩევნო მარათონშია ჩართული ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე, რომელიც ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერის ქრისტიან შტრახეს მეგობარია. ყველა მათგანი სააკაშვილის შემდგომ პერიოდზე ფიქრობს, რომლის მანდატიც 2013 წელს სრულდება და მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების გზებს ეძებს.

"დერ სტანდარდ", გერმანია