ფრთხილად, ცენზურაა! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, ცენზურაა!

ქართველი ჟურნალისტების პროტესტი ბრიუსელში

ბელგიის დედაქალაქში ჩავიდნენ დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისთვის" და ჟურნალისტური ასოციაცია "ობიექტივის" წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, ბრიუსელში იმისთვის ჩავიდნენ, რომ მსოფლიოს "სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის" ამსახველი ფილმები აჩვენონ. ეს ქართველი ჟურნალისტების პირველი მცდელობაა, გააცნონ კოლეგებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ის დოკუმენტური ფილმები, რომლის ჩვენებაც აკრძალულია საქართველოში.

ჟურნალისტებმა ბრიუსელში ჩაიტანეს ფილმები: "ჩიხი", "დემოკრატიის გენიოსები", "ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია", "ფრთხილად, ქალაქში მკვლელია".

დოკუმენტური ფილმი "ჩიხი" 2008 წლის ომზეა; "დემოკრატიის გისოსები" და "ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია" - ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე; ფილმის, "ფრთხილად, ქალაქში მკვლელია", ავტორი, ირაკლი კორძაია ამბობს:

"ჩემი ნამუშევარი ეხება საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განხორციელებულ მკვლელობებს. პოლიციელები უმთავრესად ახალგაზრდა მამაკაცებს ხოცავენ. ფილმი ექვსი ეპიზოდისგან შედგება. ეს ყველაზე გახმაურებული საქმეებია. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფილმების მეშვეობით ცნობილი გახდეს ბოლო წლებში 140-მდე ადამიანის მკვლელობის საქმე".

"ჩვენი მიზანია, ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს მივაწოდოთ სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, თუ სინამდვილეში რა ხდება საქართველოში", - განაცხადა ჟურნალისტთა კავშირის "ობიექტივის" მეთაურმა ირმა ინაშვილმა, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოში მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება, თუმცა ეს დღეს და ხვალ ალბათ არ მოხდება...

მრგვალ მაგიდაში, ქართველი ჟურნალისტების გარდა მონაწილეობდნენ ბრიუსელში აკრედიტებული მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, სამართალდამცავი ორგანოები და ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები.

"ერ-ეფ-აი", საფრანგეთი