ეს შემთხვევა სულაც არ ჰგავს კოსოვოსას - კვირის პალიტრა

ეს შემთხვევა სულაც არ ჰგავს კოსოვოსას

REUTERS

ერთ თურქულ გემს აფხაზეთში ნავთობი უნდა ჩაეტანა, მეორეს თურქეთში ჯართი მიჰქონდა. ორივე საქართველოს სანაპირო დაცვამ იმისთვის დააკავა, რომ მათ სეპარატისტულ ტერიტორიასთან ვაჭრობის აკრძალვა დაარღვიეს.

ინციდენტები, რომელსაც სოხუმში თავგამოდებით აპროტესტებდნენ, ცხადყოფს, თუ როგორ ორჭოფულ ვითარებაში აღმოჩნდა აფხაზეთი რუსეთის მიერ მისი ასე ნანატრი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

შარშანდელი ზაფხულის მწარე, ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

დღეს ორივე პროვინცია შემაშფოთებელ გაურკვევლობაშია - თითქმის მთელმა მსოფლიომ მათ აღიარებაზე უარი განაცხადა, ამიტომ ისინი დე იურე ისევ საქართველოს ნაწილნი არიან, დე ფაქტო თბილისის კონტროლს არ ექვემდებარებიან და რეალურად უფრო და უფრო ექცევიან რუსეთის მარწუხებში.

ანალიტიკოსების აზრით, ეს უხერხული ჩიხი ალბათ, მომავალშიც შენარჩუნდება.

"ეს შეიძლება ისე დიდხანს გაგრძელდეს, როგორც კვიპროსში ან ტაივანში. მე ვერ ვხედავ ამ ტერიტორიების საქართველოში დაბრუნების იოლ გზას და რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ისინი გამოყოფილნი  საქართველოსგან, მით უფრო დაშორდებიან ერთმანეთს", - ამბობს მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი სტივენ ჯონსი.

ორივე რეგიონში ღრმა ანტიქართული განწყობებია, რასაც ასაზრდოებს მოგონებები შარშანდელ კონფლიქტზე და 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სამოქალაქო ომები, ხოლო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია, თავისი მტრული რიტორიკით, სიტუაციას უფრო ამძიმებს. ანალიტიკოსების აზრით, მათი მიბრუნება საქართველოში თუ სრულიად გამორიცხული არა, ნაკლებად სავარაუდოა.

გარდა ამისა, ისიც არ არის საბოლოოდ გარკვეული, სწყურია თუ არა რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ანალიტიკოსების აზრით, რაც დიდხანს შენარჩუნდება სტატუს კვო, მით უფრო განამტკიცებს მოსკოვი თავის კონტროლს ამ რეგიონებზე. "მათი მიტოვება და უმოქმედობა, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთის მფლობელობაში მათი დარჩენის ხელშეწყობა იქნებოდა", - ამბობს პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი. მისი აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი გამარჯვებულად მოჩანს, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მონაპოვარი დიდ დიპლომატიურ ფასად დაუჯდა, განსაკუთრებით კი მის "ახლო საზღვარგარეთში", სადაც მას დიდი ერთიანობის დემონსტრირების იმედი ჰქონდა. იმ ფაქტმა, რომ მოსკოვმა ვერ დაიყოლია ჩვეულებრივ დამთმობი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსია და მათ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ვერ აღიარებინა, გამოააშკარავა, რომ რუსეთის ამბიცია - კიდევ ერთხელ განაცხადოს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე მისი კონტროლის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.

აფხაზეთსა  და სამხრეთ ოსეთს  დამოუკიდებლობისადმი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიდგომები აქვთ. აფხაზეთი აცხადებს, რომ არ აპირებს დე ფაქტო რუსეთის კოლონიად გადაქცევას. სამხრეთ ოსეთის საბოლოო მიზანი კი რუსეთის ფარგლებში არსებულ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაა.

რუსეთი დიდი ხანია მიანიშნებს კოსოვოს  2008 წლის თებერვლის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ამით ამართლებს მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას. ჯონსი კოსოვოსთან შედარებას არ ეთანხმება, რომლის დამოუკიდებლობა უკვე 62-მა სახელმწიფომ აღიარა.

"კოსოვოში დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ საერთაშორისო ძალები. ისინი აქ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებასა და კოსოვოს ეთნიკურ უმცირესობათა დაცვას ცდილობდნენ, კერძოდ, სერბებისა.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი ეთნიკური უმცირესობანი, ქართველები, საერთოდ არ იყვნენ დაცულნი - ისინი იქიდან გამოაძევეს. საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მცდელობის გარეშე,: ეს შემთხვევა სულაც არ ჰგავს კოსოვოსას. ეს უფრო ანექსიაა", - ამბობს ჯონსი.