ანექსირებული რიწის ტბა - კვირის პალიტრა

ანექსირებული რიწის ტბა

Коммерсант

მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების წლისთავზე საქართველოსგან ახალი სკანდალის აგორება ერთ მიზანს ემსახურება:

ყველაფერი იღონოს, რათა რუსეთს 2014 წელს სოჭში ოლიმპიური ზამთრის თამაშების უფლება ჩამოერთვას. თბილისი აღაშფოთა რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განზრახვამ, კავკასიაში ერთიანი ბიოსფერული პოლიგონის შექმნის შესახებ და მასში რიწის ნაკრძალისა და კოდორის ხეობის ჩართვამ. ამ გეგმას საქართველოს ოფიციალურმა პირებმა "ეკოლოგიური აგრესია" უწოდეს, რაც სამხედრო აგრესიის გაგრძელებად აღიქმება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით, რუსეთს საქართველოს ნაკრძალების მიერთების უფლება არა აქვს. რფ-ის ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიური უსაფრთხოების დეპარტამენტში კომენტარის მიღება არ მოხერხდა, ამიტომ ამ გეგმის თაობაზე ინფორმაცია ქართული წყაროებით მოვიპოვეთ. საქმე ეხება წლის ბოლოსთვის, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის ზელენჩუკის და ურუპის რაიონების თებერდისა და არხიზის ნაკრძალების ერთ ზონაში გაერთიანებას. სწორედ ამ ზონაში გეგმავენ მიმდებარე კოდორის ხეობისა და რიწის ტბის გარშემო არსებული უნიკალური ტერიტორიის ჩართვას. საქართველოს მთავარი ეკოლოგი გიორგი ხაჩიძე ამბობს, რომ ცივილიზებული გზით რუსეთი ამ გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს. "რიწის ნაკრძალიც და კოდორის ხეობაც საქართველოს დაცული ტერიტორიებია, სწორედ ამ სტატუსით არიან შესული უნესცო-ს რეესტრში. ამიტომ ეს ორგანიზაცია არასოდეს აღიარებს მის სხვა სახელმწიფოსთვის მიკუთვნებას", - ამბობს ხაჩიძე. ამასთან, მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სოჭში ოლიმპიური ობიექტის ასაშენებლად ამ რაიონებიდან ინერტულ სამშენებლო მასალებს და ხეტყეს გაიტანენ. ოლიმპიადის სამზადისში ამ სახით ჩართვას რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ლობირებს. მართალია, პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ამბობს, რომ აფხაზეთის ბუნების სიფაქიზისა და უნიკალურობის გათვალისწინებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე ერთი ქვაც არ დაიძვრება ადგილიდან, მე ვარ ამის გარანტიო, მაგრამ თბილისისთვის ეს საკმარისი არ არის. ხაჩიძემ აფხაზ საზოგადოებას ამ საკითხზე რეაგირება სთხოვა: "ამ დაცული ტერიტორიების მიმართ კოლონიური პოლიტიკა ხორციელდება, ტყის გაჩეხა და ინერტული მასალის მოპოვება აფხაზეთის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. მოკლე ხანში აფხაზური მხარე მიხვდება, რა ამოძრავებს რუსეთის ხელისუფლებას".

საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი კი უფრო შორს მიდის და იმუქრება, - ყველაფერს გავაკეთებთ სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩასაშლელადო. "რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხად იქცა 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის ჩაშლა", - თქვა მინაშვილმა და დემოკრატიულ ქვეყნებსაც მოუწოდა, თუ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს არ შეცვლის, ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას.