რუსეთის ტელევიზია - სიცრუის პროპაგანდა - კვირის პალიტრა

რუსეთის ტელევიზია - სიცრუის პროპაგანდა

Radiofreeeurope

radioliberty

ტელეეკრანზე დაახლოებით 80 წლის ღარიბულად ჩაცმული ქალბატონი ჩანს. ის ოსია, ცხინვალში ცხოვრობს და შარშანდელი რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული მოვლენების თვითმხილველია.

იხსენებს, თუ როგორ შეიჭრნენ ქართველი სამხედროები მის სახლში. "მათ ამერიკული სამხედრო ფორმები ეცვათ და ამერიკული იარაღი ეკავათ, - ამბობს ის, - მათ ახლდა სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც ბრძანებებს ინგლისურ ენაზე გასცემდა".

ქალი საუბარს განაგრძობს, ამიტომ კამერა მას მისჩერებია. ჟურნალისტი საუბარს არ აწყვეტინებს. ის არ ეკითხება მას, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც სიცოცხლეში საკუთარი საქონლის გარდა არაფერი უნახავს, იცოდეს, რა ტიპის იარაღს და ფორმებს ატარებდნენ ჯარისკაცები, ან როგორ არის დარწმუნებული, რომ მეთაური ბრძანებებს ინგლისურ ენაზე გასცემდა.  ჟურნალისტმა იცის, ქალს საუბარს რატომ არ აწყვეტინებს. ის და მისი ჯგუფი ამ დეზინფორმაციის სერიის ავტორები არიან, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები ტრიუმფით გააშუქებენ.

ქალს უთხრეს, რა უნდა თქვას და ისიც ამბობს. ჟურნალისტი სახეს არ მალავს. ამისთვის სახელმწიფო ტელევიზია და რადიო კარგად უხდიან, რუსეთის მედიის პრინციპია: აიტანეთ დამცირების 5 წუთი და სიკვდილამდე ფუფუნებით იცხოვრებთ.

სამუდამოდ ჩაჰბარდა წარსულს ვლადიმირ გუსინსკის დამოუკიდებელი და ობიექტური საგამოძიებო მაუწყებლობის განსახიერება ენ-ტე-ვე, დღეს ის ყვითელი პრესის ელექტრონული ეკვივალენტია, მისი ჟურნალისტები კი "მოსახლეობაში თაგვებივით დაიფანტნენ - ზოგიერთმა ჟურნალისტიკას თავი დაანება, ზოგიერთი პოლიტიკას ამრეზით გაურბის და ზოგიერთიც სიცრუის გავრცელების სამსახურში ჩადგა. ეს რუსულ მედიაში შექმნილი რეალობაა. ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ იმ ობიექტურ პოლიტიკურ რეპორტაჟებს ამზადებდნენ, დღესაც იმავე სატელევიზიო არხებზე მუშაობენ, მაგრამ ეს არხები ახლა გამორჩეულად პროპაგანდისტულია და ჟურნალისტებს ხელფასს თვეში ორჯერ უხდიან.

სატელევიზიო ეკრანებიდან გაქრა სადისკუსიო გადაცემები. სავიკ შუსტერის გადაცემა უკრაინულ არხზე, რუსეთში რაღაც რომანტიკად, გაუგონარ ზღაპრად აღიქმება და გაფიქრებინებს, რომ "კიევში რაღაცები სხვაგვარადაა".

კრემლის საფუძვლიანი გადაწყვეტილებაა  საინფორმაციო ომის წარმოება. ტელევიზიით გასული ტყუილები უბრალოდ სიცრუე კი არ გახლავთ, არამედ იარაღი მტრის წინააღმდეგ.

ტყუილი რაც უფრო აბსურდულია, მით უკეთესია. ამიტომ ცრუობდნენ დღედაღამ სულ მცირე საბაბითაც კი საქართველოზე.

როდესაც კრასნოდარის მხარეში ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ტელეეკრანზე "ექსპერტი" გამოჩნდა და გაუგონარ ამბავს მოჰყვა, -"არსებობს ინფორმაცია, რომ ღორის გრიპი საქართველოდან შემოვიდა. თურმე იქ საიდუმლო ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ღორებზე ცდებს ატარებენ. ლაბორატორიიდან რამდენიმე გარეულ ტახთან ნაჯვარი შინაური ღორი გაქრა - მათ რუსეთის საზღვარი გადმოლახეს!

რუსები საქართველოში ომის დაწყების პირველი წუთებიდანვე ტყუოდნენ. აჩვენებდნენ თავიანთ გამანადგურებელ რაკეტებს და ამბობდნენ, - ქართული გრადის ტიპის რაკეტებიაო;  მუდმივად ტყუოდნენ მსხვერპლის რაოდენობაზეც: თავდაპირველად თქვეს, 2000 კაცი დაღუპაო, შემდეგ - 160, მერე 59 და ბოლოს 71 კაცზე შეჩერდნენ. მათ იცრუეს - საქართველო ცხინვალის წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას გეგმავდაო. ეს სასაცილოა, რადგან პატარა მდინარე, რომელიც ცხინვალს სასმელ წყალს აწვდის, საქართველოსკენ მიედინება.

ფილმი "8/8/8" შარშანდელი ომის წლისთავს მიეძღვნა. სწორედ ამ ფილმში ამბობს მოხუცი ოსი ქალბატონი, თუ როგორ უვარდებოდნენ სახლში ქართველი ამერიკელები. ერთი გადაცემაც კი არ არის, სადაც ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები კითხვებს უპასუხებდნენ და განმარტავდნენ ომის და მშვიდობის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რომელთა მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი ოთხი წლის ნაცვლად ექვსი წლით იქნება არჩეულ-დანიშნული, ყველაფერი ცხადი გახდა. მედვედევი თანამდებობაზე 2012 წლამდე დარჩება, შემდეგ 12 წლის განმავლობაში მმართველი ვლადიმირ პუტინი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლამდე რუსეთში დარჩება იგივე მთავრობა, იგივე  კრიტერიუმები და ღირებულებათა იგივე სისტემა...

მატვეი განაპოლსკი