სააკაშვილის ტრიუმფი - კვირის პალიტრა

სააკაშვილის ტრიუმფი

რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე ომში დამარცხების შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფად იქცა. მისმა პარტიამ

დიდ ქალაქებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, -+ გარკვეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნები პატიოსანი და სამართლიანი იყოო.

თბილისის მერის პოსტისთვის ბრძოლაში მოქმედმა ქალაქისთავმა და სააკაშვილის მეგობარმა გიგი უგულავამ ხმათა 55%-ზე მეტი მოაგროვა, ოპოზიციის ყველაზე რეიტინგული წარმომადგენელი ირაკლი ალასანია საგრძნობლად ჩამორჩა ლიდერს - ხმათა 19%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვაო, განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი შედეგი განაპირობა არა სააკაშვილის პოპულარობამ, არამედ ოპოზიციის უნიათობამ, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლო.

კენჭისყრის პროცესს თითქმის 5000 საერთაშორისო დამკვირვებელი აკონტროლებდა. მათმა უმრავლესობამ განაცხადა, - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილი თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად დროდადრო ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს - ეს არჩევანი საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯიაო.

"საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, მაგრამ კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია. ამასთან, შეინიშნება საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების უნდობლობა. ამიტომ აუცილებელია ძალისხმევა იმისათვის, რომ მსგავსი დარღვევები აღარ განმეორდეს, განმტკიცდეს მიღწეული წარმატებები და შემდგომი საერთო-ეროვნული არჩევნების წინ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა", - ნათქვამია ეუთოს წარმომადგენელთა მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ოპოზიციის ყველაზე პერსპექტიულმა ლიდერმა ალასანიამ თბილისში თავისი დამარცხება აღიარა და თავის მხარდამჭერებს განუცხადა, - დროა, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება დავიწყოთო.

შარშანდლისგან განსხვავებით, როცა ოპოზიცია სააკაშვილის გადასაყენებლად თვეობით აწყობდა ქუჩებში საპროტესტო მიტინგებს, დღეს, ჩანს, ამას არავინ აპირებს...

"ქრისჩენ საიენს მონიტორი", აშშ