ევროპა ინტერესს კარგავს... - კვირის პალიტრა

ევროპა ინტერესს კარგავს...

ევროპას საკუთარი საზრუნავიც ბევრი აქვს და ამიტომ ვერ ახერხებს აღმოსავლეთით თავისი სტრატეგიის საბოლოოდ განსაზღვრას.

ევროკავშირმა სამხრეთის მიმართულებით 2008 წლის ივლისში ხმელთაშუა ზღვისპირეთის კავშირი შექმნა, ხოლო 2009 წლის მაისის პრაღის სამიტზე - აღმოსავლეთისთვის პროგრამა "აღმოსავლური პარტნიორობა" აამუშავა. ეს ფინანსური დახმარებისა და დემოკრატიული მხარდაჭერის პროექტი ორიენტირებულია რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე, ევროპის ახალ საზღვარზე, რომელიც ბლოკის გაფართოების შემდეგ, 2004 და 2007 წლებში ჩამოყალიბდა და დღეს შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

პარტნიორობაში სულ 6 ქვეყანა (უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მონაწილეობს, სადაც მოსახლეობა მთლიანად 76 მლნ კაცს აღწევს, მათგან 46 მლნ უკრაინაშია. 2013-წლამდე დახმარების პროგრამაზე 600 მლნ ევრო გამოიყო, რაც სინამდვილეში არც ისე ბევრია.

"აღმოსავლური პარტნიორობის" იდეით პოლონეთი და შვედეთი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გამოვიდნენ. პროგრამა ჩაფიქრებული იყო, როგორც 2003 წელს მიღებული სამეზობლო პოლიტიკის ერთგვარი გაფართოება. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო (რასაც ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა მოჰყვა) მკვეთრი გამონათქვამებისგან თავი შეიკავა, ახალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად საკუთარ გამოცდილებასა და ეკონომიკურ და ნორმატიულ ინტეგრაციაზე დაფუძნებული პარტნიორობის პროგრამა აამუშავა.

ობამას ადმინისტრაცია, რომელიც "ცივი ომის" შემდეგ შემორჩენილ გადაუჭრელ საკითხებს გაემიჯნა, ევროპელებს მოუწოდებს, თავადვე მიხედონ საკუთარ თავს. ვაშინგტონმა უარი თქვა ევროატლანტიკური ზონის აქტიურ გაფართოებაზე, რაც 90-იანი წლების დასაწყისიდან მისი საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხი იყო.

პარტნიორობის მონაწილე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ობამას აინტერესებს, სომხეთია. ამერიკის ლიდერს ამ ქვეყნის თურქეთთან დაახლოების იმედი აქვს. ყველა სხვა საკითხში ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგს ანიჭებს უპირატესობას და ამ დიალოგს საერთაშორისო უსაფრთხოების, ბირთვული განიარაღებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის პრობლემების ირგვლივ აგებს.

პოლონეთიც ამოქმედდა და მოსკოვიდან  სარგებლის მიღებას ცდილობს. მან წამოაყენა წინადადება "აღმოსავლური პარტნიორობის" მეგობართა ჯგუფის შექმნისა, რომელიც ღია იქნება ისეთი დონორი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან აშშ და იაპონია. გარდა ამისა, ამ ჯგუფში გაწევრებას სთავაზობენ რუსეთსაც, რომელიც 2009 წელს ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ის საკუთარი გავლენის სფეროს ხელყოფის მცდელობად შეაფასა.

"აღმოსავლური პარტნიორობა" პირველი მცდელობაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მოდელის გავრცელებისკენაა მიმართული, თუმცა პარტნიორობა ტექნიკური შეთანხმებების გარდა, მონაწილე სახელმწიფოებს პრაქტიკულად არანაირ პერსპექტივებს ან მნიშვნელოვან დახმარებას არ სთავაზობს.

ასე მაგალითად, ევროკავშირმა საჭიროდ არ მიიჩნია უკრაინისთვის იმედი მაინც მიეცა ბლოკში (შესაძლოა, არა სწრაფ) გაწევრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ქვეყანა მონდომებით ცდილობდა ერთიან ევროპასთან მიერთებას და ახლა, ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქვეყანა, კვლავ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება. შეძლებს კი ევროკავშირი აქედან საჭირო დასკვნების გამოტანას?

"ლე მონდი", საფრანგეთი