საქართველო და მოლდავეთი შეშფოთებულნი არიან - კვირის პალიტრა

საქართველო და მოლდავეთი შეშფოთებულნი არიან

საქართველო და მოლდავეთი ძალიან შეაშფოთა ცნობამ იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებში თავისი სპეციალური წარმომადგენლების თანამდებობებს აუქმებს.

ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესი კიშინიოვისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მკვეთრად შემცირდა.

გასულ კვირას, "აღმოსავლური პარტნიორობის" წევრი 6 პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ მოხელეებს  მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ. პირიქით, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის და ბელორუსიის წარმომადგენლები დაარწმუნეს, რომ ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები ბლოკის მთავარ პრიორიტეტად რჩებიან.

28 მაისს კი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თანაშემწემ ბლოკის ელჩებს განუცხადა, რომ მოლდავეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბლოკის სპეციალურ წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმება იგეგმება. ასეთი ნაბიჯი შეამცირებს ევროკავშირის იმ ორ რეგიონში ყოფნის მნიშვნელობას, რომლებიც მცოცავი რუსული გავლენის წინაშე პოლიტიკურად არასტაბილურნი და დაუცველნი აღმოჩნდნენ.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ არც ევროკავშირს და არც იმ ორ მოხელეს, რომლებსაც ეს ცვლილება ეხებათ. ესენი გახლავთ: კალმან მიჟეი, ევროკავშირის წარმომადგენელი მოლდავეთში და პიტერ  სემნები, რომელსაც ეს პოსტი სამხრეთ კავკასიაში უკავია.

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის მრჩეველმა იულიან ფრუნტაშუმ განაცხადა: "ვფიქრობ, რეგიონში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების ყოფნა იმის დემონსტრირებაა, რომ ბლოკი პრიორიტეტად განიხილავს რეგიონში მოლდავეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ჩვენ პირველ რიგში დაინტერესებულნი ვართ "აღმოსავლური პარტნიორობით" და მასში მოლდავეთის ადგილით.

მიმაჩნია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის პოსტის შენარჩუნება ჩვენთვის სასარგებლო იქნება". ერთი მხრივ, ეშტონის გეგმის მიხედვით, ბლოკმა უნდა გააუქმოს გეოგრაფიულად შორს მდებარე წარმომადგენლობები, თუმცა, როგორც მოლდავეთი, ასევე სამხრეთი კავკასია ევროპასთან ცენტრალურ აზიაზე ან დიდი ტბების აფრიკის რეგიონზე ახლოს არიან.

ორივეგან ევროკავშირი ამ პოსტებს ინარჩუნებს. ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა დონის როსტოვის სამიტის წინ, სადაც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ევროკავშირისა და რუსი დიდმოხელეები. ეს შეხვედრა კი განიხილებოდა, როგორც მოსკოვისა და ბრიუსელის ურთიერთობის დათბობის წინა პირობა.

ეშტონის გეგმის თანახმად, მიჟეის დღევანდელი პოსტი  ევროკომისიის წარმომადგენლისას შეერწყმება და მოექცევა ახალ კონსოლიდირებულ დიპლომატიურ სტრუქტურაში, რომლის ორგანიზებისთვისაც ირჯება ეშტონი.

ანალოგიური ცვლილება ელის სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. სემნების ზედამხედველობის დაკარგვის გარდა, ცვლილება სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დასრულებაზეც მიუთითებს.

მოვლენების ამგვარი განვითარება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ, - რეგიონში არსებულ დავებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონის დესტაბილიზაციისთვის იყენებსო.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება "საბოლოო" არ არის, მაგრამ თან შიშობს, რომ ამ პოსტებთან დაკავშირებული ცვლილებები ნეგატიურ გავლენას მოახდენს რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტაზე.

"მნიშვნელოვანი საკითხია არა ის, თუ რა დაერქმევა ახალ პოსტს, - განაცხადა იაკობაშვილმა, - არამედ ის, თუ როგორ განაწილდება ფუნქციები. ვფიქრობ, ის ელემენტი, რომ პიტერ სემნების პოსტი მთელ კავკასიას მოიცავდა, ძალიან მნიშვნელოვანია... კონფლიქტები არსად გამქრალა. მეტიც, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ საქმე ქვეყნის ოკუპაციასთან გვაქვს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფუნქციების განაწილება ამ ტიპის თანამდებობებისთვის".

რადიო "თავისუფალი ევროპა"