ლიტვამ რუსეთს აგრესორი უწოდა - კვირის პალიტრა

ლიტვამ რუსეთს აგრესორი უწოდა

ლიტვის სეიმმა საქართველოს მიმართ რეზოლუცია მიიღო. ევროპული სახელმწიფოს დოკუმენტში პირველად ეწოდა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომს

რუსეთის აგრესია, ყოფილ ავტონომიებს - ოკუპირებული ქართული ტერიტორიები, ხოლო მათი სუვერენიტეტის ცნობას - არასამართლებრივი აქტი.

სეიმის მიერ პროქართული რეზოლუციის მიღება კამპალეში მიმდინარე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კონფერენციას დაემთხვა. სწორედ ამ ორგანიზაციაში აქვს შეტანილი თბილისს სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ. ქართული მხარე რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის ცხინვალის რეგიონში სამხედრო აგრესიაში. ამავე სასამართლოში დევს რუსეთის შემხვედრი სარჩელი, რომელიც ქართულ მხარეს ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთთან ომის გაჩაღებასა და ოსების გენოციდში.

აშკარაა, რომ საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეებს მოკლე ხანში ვერ განიხილავს, რადგან "სამხედრო აგრესია" მის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ შედის "სამხედრო აგრესიებიდან" გამომდინარე დარღვევები, მაგალითად, გენოციდი, ადამიანების მიმართ დანაშაულებები, სამხედრო დანაშაულებები.

კამპალეში მიმდინარე კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენციისა და შემადგენლობის გაფართოებას. უგანდის დედაქალაქში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი, სამხედრო დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალში გაერთიანება.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეალური შემადგენლობისა და უფლებამოსილების გაფართოება დღეს და ხვალ ვერ მოხდება. თბილისმა იცის ეს, მაგრამ ისიც იცის, რომ ეს შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს  და ლიტვის სეიმის რეზოლუცია მასში დაფიქსირებული ტერმინით "აგრესია" და "ქართული ტერიტორიების ოკუპაცია" მოსკოვის წინააღმდეგ თბილისის სარჩელის განხილვისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჯერჯერობით კი, დოკუმენტი უფრო ვილნიუსის მორალური მხარდაჭერის დამადასტურებელია.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი