"ბოლო ხანს ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არ მომხდარა, თუმცა..." - რას წერს მსოფლიო მედია თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - კვირის პალიტრა

"ბოლო ხანს ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არ მომხდარა, თუმცა..." - რას წერს მსოფლიო მედია თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

თბილისში, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ საკმაო გამოხმაურება ჰპოვა უცხოურ მასმედიაში. ინფორმაციები გავრცელდა როგორც დასავლური, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრესის, რადიო-ტელევიზიის და საინფორმაციო სააგენტოების მიერ.

ბუნებრივია, ყველაზე მეტად აქტიურობდა რუსეთის მასმედია, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული მასალები დღის პირველ ნახევარში მხოლოდ ფაქტებს შეიცავდა და უმთავრესად ქართული მედიის ინფორმაციებს ეყრდნობოდა, კომენტარების გარეშე. მოგვიანებით, ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, გავრცელდა ვითარების ამსახველი ვრცელი მიმოხილვები, ავტორისეული სტატიები და სპეციალისტთა კომენტარებიც.

ევროპული და ამერიკული მასმედია: სროლები თბილისში

ფრანგული "ფრანს-პრესი" იყო პირველი დასავლური მედიასაშუალება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ყველას "დაასწრო" და ისანში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს დილაუთენია აუწყა. სხვათა შორის, ამას დიდი ბრიტანეთის "ბი-ბი-სიც" ადასტურებს თავის მასალაში, როცა წერს - "ფრანს-პრესის" ჟურნალისტი იტყობინება, ისანში ინტენსიური სროლები და აფეთქებებია და პოლიციას ქუჩები აქვს გადაკეტილიო". იგივე "ბი-ბი-სი" იმავე მასალაში სათაურით "სროლები თბილისში" იმოწმებს ქართულ ტელეარხების პირდაპირ რეპორტაჟებს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის განცხადების ციტირებას ახდენს. პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია:

"საქართველოში ბოლო წლებში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, როგორც ამბობენ, საცხოვრებელ ბინაში გამაგრებული პირები ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი და პანკისის ხეობიდან არიან, სადაც ძირითადად ჩეჩნური წარმოშობის მოსახლეობა ჭარბობს. მათგან ზოგიერთები, დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდა სირიაში მოქმედ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს შეუერთდა" (წყარო).

უფრო ვრცელია "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის მიერ მომზადებული მიმოხილვა სათაურით "რა არის ცნობილი თბილისში მიმდინარე ძალოვან ოპერაციაზე", რომელშიც, მდგომარეობის საკმაოდ დეტალურ გადმოცემასთან ერთად, ციტირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრისას. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია სპეცოპერაციის შედეგებიც, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით (წყარო).

"როიტერმა" გაავრცელა საკუთარი კორესპონდენტის მარგარიტა ანთიძის მასალას სათაურით "ქართული პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციიის დროს დაიღუპა ერთი პოლიციელი და სამი ტერორიზმში ეჭვმიტანილი". სტატია მომზადებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე (წყარო).

გერმანულმა ტელერადიოკომპანია "დოიჩე ველემ" რამდენიმე მასალა გაავრცელა სპეცოპერაციის დაწყებისა და დასრულების თაობაზე. მასალებს ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა (წყარო).

ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა "ევრაზიანეთმა" გამოქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით "კონტრტერორისტული ოპერაცია სასიკვდილო სროლებში გადაიზარდა" (ავტორი - ბრედლი ჯარდინი). პუბლიკაცია მომზადებულია ქართული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე და ერთგვარ სიტუაციურ მიმოხილვას წარმოადგენს: მასში ასახულია სპეცოპერაციის მიმდინარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის შთაბეჭდილებები, აშშ-ის ელჩის იან კელის კომენტარი და სპეცოპერაციის სამწუხარო შედეგი - სპეცრაზმელის დაღუპვის ფაქტი. ასევე აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებულნი არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები (წყარო).

პაკისტანის პრესა: ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა

პაკისტანის გაზეთის Daily Times დღევანდელ, 23 ნოემბრის ნომერში მსოფლიოს ამბების რუბრიკაში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით "საქართველოში მომხდარი ანტიტერორისტული რეიდის დროს ჯარისკაცი დაიღუპა". პუბლიკაცია ემყარება დასავლური და ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ მასალებს. "ბანდიტები თბილისში, შავიზღვისპირა ქვეყნის დედაქალაქში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმალებოდნენ. მათ უარი განაცხადეს დანებებაზე. ოპერაციის დროს ერთი ქართველი სპეცრაზმელი დაიღუპა", - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც თან სპეცოპერაციის ამსახველი ფოტოსურათი ახლავს (წყარო).

რუსეთის პრესა: ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში

რუსული ელექტრონული მედია - რადიო, ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები - აქტიურად გამოეხმაურა საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. რაც შეეხება გაზეთებს, ჯერჯერობით მხოლოდ "ნეზავისიმაია გაზეტაშია" დაბეჭდილი სტატია სათაურით "თბილისში ტერორისტული ჯგუფი გაანეიტრალეს. საცხოვრებელი შენობის ალყა და შტურმი თითქმის ერთი დღე-ღამე გრძელდებოდა" (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში გადმოცემულია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული მოვლენები და ფაქტები. "საქართველოს სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურმა ოპერაცია ჯერ კიდევ ადრე დილით დაიწყო, მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია იმ სახლიდან, რომელშიც საეჭვო პირები იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ამოცანის სწრაფად შესრულება ვერ მოხერხდა: სპეცოპერაციის დროს, რომელიც 20 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, დაიღუპა ერთი სპეცნაზელი და სამი სავარაუდო ტერორისტი", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ძირთადად საინფორმაციო ხასიათისაა.

მოამზადა სიმონ კილაძემ