გაიბზარა, მაგრამ არ გატეხილა - კვირის პალიტრა

გაიბზარა, მაგრამ არ გატეხილა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას ცდილობს. ბოლო ორი წელი უმეტეს სახელმწიფოთა ლიდერებისთვის ის მიუღებელი იყო.

პრეზიდენტ სარკოზისთან ჩასვლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონში ომის შემდგომი უშიშროების კონსტრუქციის ლეგიტიმაციაში. ცხადია, სააკაშვილის დასავლური პოლიტიკის არენაზე დაბრუნება ვაშინგტონის ჩუმი დასტურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის განწყობა საქართველოსადმი, როგორც სახელმწიფოსადმი, ბოლო წლებში არ იცვლებოდა.

საქართველო არ დასაჯეს, პირიქით, გრძელვადიანი ჰუმანიტარული დახმარების კრედიტებით გაამაგრეს. თავად პრეზიდენტი სააკაშვილი კი თავისი ორწლიანი საგარეო-პოლიტიკური პატიმრობის პერიოდში უქმად არ ყოფილა. მისი ძალისხმევა ეკონომიკისა და შიდა პოლიტიკისკენ იყო მიმართული. პრინციპში, ინსტიტუციური რეფორმების პერიოდში სახელმწიფო მანქანის კონსტრუქციამ ისეთი ცვლილებები განიცადა, როგორისთვისაც არც ერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანას არ მიუღწევია, ნახშირწყალბადოვანი რესურსების მქონესაც კი.

ბიზნესის მარტივად წარმოების და მცირე გადასახადების გამო ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას. საქართველო რეფორმების ვიტრინად და დსთ-ის ქვეყნებისთვის მაგალითად იქცა. მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ეს ვიტრინა გაიბზარა, მაგრამ არ გატეხილა.

სხვა საქმეა, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი მაინცდამაინც არ შეესაბამებოდა ადგილობრივი ცხოვრების ხარისხს. მმართველობა კვლავინდებურად კლანურ-ბიუროკრატიული მობილიზაციის მეთოდებით წარმოებს, სააკაშვილის პოლიტიკურ ძალაუფლებას კი მრავალი ავტორიტარული ელემენტი გააჩნია. პარიზში სააკაშვილის სახალხო რეაბილიტაციას კიდევ ერთი ასპექტი აქვს.

დასავლეთმა საქართველოს პრეზიდენტს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ უნდა მიაჩუმოს რიტორიკა კრემლის მიმართ და შესაძლებლობისამებრ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კომპლექსების გათვალისწინებით გადახედოს პოლიტიკას რუსეთის მიმართულებით. რასაკვირველია, დიდი პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობის ცოტათი მაინც გამოსწორების საშუალება უნდა გამონახოს.

ავიაურთიერთობების აღდგენის განზრახვა უკვე პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა პრობლემა ისაა, რომ მოსკოვშიც და თბილისშიც სახელისუფლებო ელიტას ხელს აძლევთ პერმანენტული მტრობის მიგნებულ პარადიგმაში ყოფნა. თუ მოსკოვსა სააკაშვილის კრახზე ოცნებობენ, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ლიბერალურ ეკონომიკურ ვიტრინად დარჩეს, თუნდაც ტყვიაგაუმტარი მინებით.

"კომერსანტი", რუსეთი