"ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდება"

- აფხაზეთს სურს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა. კერძოდ, რას სთავაზობთ?

- რუსეთის კომპანია RSchD-სთან ხელი მოვაწერე შეთანხმებას რუსეთის საზღვრიდან სოხუმამდე დანგრეული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის თაობაზე. ჩვენ ვთავაზობთ ტვირთების გადაზიდვას, ასევე ტურისტულ მომსახურებას. შეგვიძლია, სხვადასხვა სამშენებლო მასალის მიწოდება, გვაქვს ტურისტული ცენტრები გაგრასა და ბიჭვინთაში, სადაც ოლიმპიური თამაშების სტუმრებს გავუმასპინძლდებით. მაგრამ მანამდე შეგვიძლია მშენებლებისა და მომსახურე პერსონალის მიღება.

- დღემდე თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საერთაშორისო აღიარების დეფიციტი ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება?

- დიახ, ეს გარკვეულწილად პრობლემაა. თუმცა, მაგალითად, ახლა ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ გერმანულ კომპანიასთან (ამ ეტაპზე მას ვერ დავასახელებ). მას ჩვენი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობა სურს, საუბარია 500 მლნ რუბლის (დაახლოებით 13 მლნ ევროს) მოცულობის შეკვეთაზე.

- და მაინც, ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთი, რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს, შეიძლება პრობლემად იქცეს. აშშ-ში ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნაც გაისმა.

- კოსოვო ნახევარ მსოფლიოს არ უღიარებია. ეს არა ჩვენს, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდება. მთავარი სიმშვიდეა. მიუხედავად იმისა, ვინმე განგვიხილავს დამოუკიდებელ ქვეყნად თუ არა, შარშან, მაგალითად, 1 მლნ ტურისტი გვეწვია რუსეთიდან, უკრაინიდან. ის, რაც ჩვენ მართლაც გვჭირდება, თანამშრომლობაა.

- თქვენ მარტში ხელი მოაწერეთ გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის ხელშეკრულებას და საუბრობთ ეკონომიკურ სარგებელზე. ეს როგორ ხდება?

- არა მხოლოდ ჯარისკაცები და მესაზღვრეები ჩამოვლენ, არამედ მათი ოჯახებიც. ისინი აქ იმუშავებენ და ფულს დახარჯავენ. ამას ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მშვიდობა და სტაბილურობაა, რის გარანტიასაც აქ რუსული არმიის ყოფნა ქმნის. ხოლო იქ, სადაც მშვიდობა და სტაბილურობაა, ინვესტიციებს დებენ. ჩვენი და აფხაზური ოპოზიციის აზრი ბევრ საკითხზე განსხვავებულია, მაგრამ ამ ნაწილში ერთმანეთს ემთხვევა.

- რა დოზით შეუძლია აფხაზეთის მთავრობას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მისი ეკონომიკა მოქცეულია რუსული გავლენის ქვეშ? აფხაზეთის ტელესაკომუნიკაციო სფერო მთლიანად რუსეთის ხელშია.

- ტელეკომუნიკაციები რუსეთის ხელში არ არის, ჩვენ რუსულ ფირმებს მხოლოდ მომსახურების უფლება გადავეცით. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა კი გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებთ.

- დღეს საქართველოსთან ურთიერთობა ნულოვან ნიშნულზეა. რა პირობებში შეიძლება განახლდეს მოლაპარაკებები?

- თბილისის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი მოხდება. პერსპექტივაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნორმალური ურთიერთობისთვის, როგორც ეს მიღებულია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. როდესაც ქართველები ამას მიხვდებიან, მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებაზე საუბარი.

- ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები დღეს მხოლოდ საქართველოში მოქმედებენ, აფხაზეთში მათ არ უშვებთ.

- მე წინააღმდეგი ვარ ევროკავშირის მისიის საქმიანობის აფხაზეთზე გავრცელებისა. მათ უნდა იმოქმედონ იქ, საიდანაც ომის საფრთხე მოდის და უკვე 20 წელია ეს საქართველოა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკური მომავალი? აფხაზეთი მარტო გადარჩენას შეძლებს?

- ჩვენ გვაქვს ისეთი ტურისტული კურორტები, როგორებიცაა გაგრა და ბიჭვინთა. ეს ჩვენი შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. თანაც მდინარე ენგურის ელექტროსადგური (აშენებულია საბჭოთა პერიოდში ერთიან საქართველოში. - რედ.) ჩვენს მხარეს მდებარეობს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვაო, სარკინიგზო გზების და აეროპორტის მოდერნიზება. რუსული ნავთობკომპანია "როსნეფტი" მონაწილეობს შავი ზღვის შელფში ნავთობის მოძიების პროექტში. კარგი იქნება, თუ  ევროპელები ამაში ხელს არ შეგვიშლიან.

"დი ველტი", გერმანია