"ჩემი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს"

- საფრანგეთი რუსეთისთვის ფრანგული ხომალდის "მისტრალის" მიყიდვას აპირებს. 2008 წლის ზაფხულში რუსეთთან ომის დროს თქვენ ნიკოლა სარკოზიმ  მტკიცედ დაგიჭირათ მხარი. ახლა ხომ არ ფიქრობთ, რომ საფრანგეთმა მხარდაჭერა შეასუსტა?

- ჩვენ, რა თქმა უნდა,„გვაღელვებს "მისტრალის" გაყიდვა. რუსები, რომლებიც უარს ამბობენ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე, ამბიციებს არ მალავენ - 2008 წლის ომის დროს "მისტრალი" რომ გვქონოდა, საქართველოს ინტერვენციას 48 საათის ნაცვლად 40 წუთში დავასრულებდითო. ამგვარად, ჩვენ "მისტრალისგან" თავდაცვის არანაირი შესაძლებლობა არა გვაქვს. თუმცა საფრანგეთი ცდილობს, რუსეთს შეასრულებინოს სამშვიდობო გეგმა, შესაბამისად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერა არასდროს შეუსუსტებია. ის, რომ ჩემი ვიზიტი პუტინის ვიზიტამდე ორი დღით ადრეა ორგანიზებული, საკმაოდ მკაფიო გზავნილია. ეს ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას.

- საქართველო და ირანი ვიზების გაუქმებასა და თეირანსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბათუმში მალე ირანის საკონსულოც გაიხსნება, თქვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მედიის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგში. რა მიზანს ემსახურება ირანთან თანამშრომლობა, რატომ უახლოვდებით მას?

- საკონსულო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობას გაუმარტივებს. ვიზების გაუქმებაც ნორმალურია: ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ და თუკი ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ, კარგი იქნება, როგორც ირანისთვის, ასევე საქართველოსთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანელები აქ ფულს დახარჯავენ (რაც სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია), არამედ იმის გამოც, რომ ისინი ნახავენ ცხოვრების განსხვავებულ, უფრო თავისუფალ წესს. მაგრამ თუკი მსოფლიო ირანის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებს, რა თქმა უნდა, საქართველოც შეუერთდება მათ.

- პრესაში, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის შესაძლო ვიზიტის შესახებაც ითქვა.

- არ ვიცი, ეს ცნობა საიდან მოიტანეს. ეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. ვერაფერს ვიტყვი შემდგომი ვიზიტის შესახებ, რადგან ეს უფრო საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

- თქვენი რეპუტაცია ევროპაში შეილახა. დიპლომატები შფოთიან“ადამიანად გთვლიან და მიაჩნიათ, რომ თქვენდამი ნდობის ნაწილი დაკარგეთ. ამ კრიტიკას იზიარებთ?

- მთავარია, მე საკუთარი ხალხის ნდობა არ დამიკარგავს, რადგან იქ ხმების 65% მაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ მტკიცებას, საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულიაო, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთის აზრიც ასეთია. ზოგიერთებს ვძულვარ, ეს ნორმალურია, რადგან პოლიტიკოსი ვარ; ბევრი გვიჭერს მხარს და მთავარი ეს არის. ზოგიერთები ჩვენს რეფორმებს აფასებენ - საერთაშორისო თანამეგობრობამ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ღრმა ტრანსფორმაციას მივაღწიეთ და, ბუნებრივია, ეს რეაქციებს იწვევს.

- 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ თქვენს პოლიტიკურ მომავალზე გაზეთ Lე Mონდე-ს განუცხადეთ, - მე ამ შესაძლებლობაზეც (გაპრემიერმინისტრებაზე) მიფიქრიაო. ზოგიერთებს ეშინიათ პუტინის სცენარისა, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დასარჩენად პრემიერ-მინისტრი გახდა.

- არა, მე ვთქვი, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მომავალზე მიფიქრია. ფრაზის დანარჩენი ნაწილი ფრჩხილებშია მოქცეული, რადგან მე ეს არ მითქვამს, თუმცა პრეზიდენტად კიდევ სამი წელი უნდა ვიმუშაო. ამიტომ ამ ფრაზასა და მემკვიდრეობითობის თემაზე არ მსურს სპეკულაცია. საჭიროა რეფორმებზე კონცენტრაცია და პუტინის სცენარიც შეუძლებელია, რადგან საქართველო  თავისუფალი ქვეყანაა.

იბეჭდება შემოკლებით "20 მინუტე", საფრანგეთი