რა გამოქვეყნდა ქართული რესტორნის შესახებ The Washington Post-ში? - კვირის პალიტრა

რა გამოქვეყნდა ქართული რესტორნის შესახებ The Washington Post-ში?

"ვაშინგტონის რესტორანი "სუფრა" ქართული ქეიფისათვის შესაფერის მაგიდას გაგიშლით" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას The Washington Post-ი, სადაც  აღწერილია ვაშინგტონში ორიოდე თვის წინ გახსნილი ქართული რესტორნის "სუფრის" მუშაობა, რომელმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

როგორც სტატიის ავტორი, კვების სფეროს კრიტიკოსი ტომ სიციმა წერს, "სუფრა"-ში შესვლისას კლიენტი გამორჩეულ არომატს იგრძნობს - ნიორის, ქინძისა და ნიგვზის არომატს. აქაურ ხინკალს და ჩანახს გემო განუმეორებელი აქვს.

რესტორანი "სუფრა" ვაშინგტონელმა ადვოკატმა ჯონათან ჰელმსმა დააფუძნა, რომელსაც საქართველოსთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ცხოვრებისას ჯონათანმა და მისმა ცოლმა ლორამ ("სუფრის" თანამფლობელმა) ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობდნენ ქართული რესტორნები უცხოელებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. იმ დროიდან ცოლ-ქმარი ქართული რესტორნის გახსნაზე ოცნებობდა. ჯონათანი საქართველოს "ყოფილი საბჭოთა კავშირის კალიფორნიას" უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "სუფრის" შეფ-მზარეულია მალხაზ მაისაშვილი, ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელიც 2012-2013 წლებში ვაშინგტონში მდებარე საქართველოს საელჩოში მუშაობდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ