რუსეთის ჩრდილში - კვირის პალიტრა

რუსეთის ჩრდილში

რთულია სახლის აშენება, როცა მეზობელს შენი ეზოს ნაწილი მიტაცებული აქვს. 2003 წლიდან ცდილობს საქართველოს რესპუბლიკა თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის აშენებას, რაც რუსეთის წყალობით, ადვილი არ არის - 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრის შემდეგ პუტინის ჯარებს  კვლავ დაპყრობილი აქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსეთი საქართველოს მიწა-წყლის 20%-ზე მეტს აკონტროლებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 000-მდე სამხედრო და ფე-ეს-ბეს აგენტი ჰყავთ. რუსული ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 30 მილში დგას და რამდენიმე საათში შეუძლია ქართველების დემოკრატიული სწრაფვისა და დამოუკიდებლობის მოსპობა.

საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში, ნატოსა და ევროკავშირში სურს ინტეგრაცია, მაგრამ მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია დასავლური ორიენტაციის სახელმწიფოთა მსგავსად ფუნქციონირება. ცუდია, რომ საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში უწევს. ამ კრიზისში მოყოლილ დასავლეთის ქვეყნებს ნატოს დანიშნულების შესახებ სხვადასხვა აზრი აქვთ, მათ აგრესიული რუსეთიც აფრთხობთ. დასავლეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

რამდენიმე კვირის წინ საქართველომ მუნიციპალური არჩევნებით დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი გაიარა. მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიას რეალური გამოცდა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ელის.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს საგრძნობი მიღწევები აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართველებს წინ დიდი გამოწვევები ელით - ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. მთავრობის ძალისხმევით დახურულმა სახელმწიფო ბიზნესმა უმუშევრობა გაზარდა. დემოკრატიზაციის ფრონტზეც ბევრია გასაკეთებელი.

საქართველოს პრეზიდენტი წმინდანი არ არის, ის იმპულსური, გამბედავი და აგრესიულია. ხანდახან ზღვარსაც გადადის. შეცდომებიც დაუშვა 2007 წლის ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებისას, 2008 წლის რუსეთთან ომამდე და ომის დროსაც, მაგრამ ის, რომ მისი ქვეყანა ახლა უკეთესია, ვიდრე ექვსი წლის წინ - ფაქტია.

საკონსტიტუციო რეფორმების პროექტით პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება მიეცემა. თუ სააკაშვილი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს, ისევე როგორც საპრეზიდენტო ვადის საზღვრებს, დაადასტურებს, რომ ნამდვილად დემოკრატია. მაგრამ ყველაფერ ამას საფრთხე ისევ ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ემუქრება. 2008 წლის ომმა ცხადყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები რეალურად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იყო.

მაგრამ პუტინმა თავისი სტრატეგიული გეგმები ვერ განახორციელა, რადგან მისმა ინტერვენციამ საქართველოს გარშემო გააერთიანა პოლონეთი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები. თუმცა პუტინი რაღაც ასპექტში მოგებული დარჩა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები არიან. აფხაზეთი შავი ზღვის პორტია, ხოლო სამხრეთ ოსეთით საქართველოს ორად გახლეჩა შეიძლება. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთის ინტერვენციამ დასავლეთის სისუსტე ცხადყო, რუსეთს თავის ვერაგობაზე პასუხი არავინ აგებინა. დასავლეთში ზოგიერთმა საქართველო დაადანაშაულა და ამით საქართველოს ნატოში გაწევრების შანსი შეამცირა.

დასავლეთს იმ კოლექტიური პასუხისმგებლობისა ეშინია, რომელიც შეიძლება ამ გაწევრებას მოჰყვეს. პუტინი ხედავს, რომ ამჯერად ამერიკის ადმინისტრაციას ირანთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერა უფრო აღელვებს, ამერიკის პრეზიდენტს კი მუსლიმანურ სამყაროსთან და დიდ სახელმწიფოებთან - რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების გამოსწორება უფრო აინტერესებს, ვიდრე ალყაშემორტყმული პატარა დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერა.

"ჩვენ ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ორი წელი დავკარგეთ, მაგრამ ახლა ფეხზე ვდგებით", - ამბობს ბარამიძე, ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მინისტრი. ეს მართლაც ასეა, ოღონდ კარგი იქნება, თუ ამას დასავლეთიც დაინახავს.

"დერ სტანდარდ", გერმანია