ავტობუსს ქვეშ არავინ მოყოლია - კვირის პალიტრა

ავტობუსს ქვეშ არავინ მოყოლია

ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს აშშ-მა რუსეთთან "გადატვირთვის" პროცესში თავის მოკავშირეებს უღალატა, სიცრუეა.

ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის ოპონენტებმა შეთითხნეს ამბავი, რომელსაც გასაოცარი თანამიმდევრულობით იმეორებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ "კრემლისგან დათმობების სანაცვლოდ, ადმინისტრაციამ დაივიწყა და ბედის ანაბარად მიატოვა რეგიონის სხვა ქვეყნები". მეტიც, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამ სავარაუდო ღალატის სამაგიეროდ ვერაფერი მიიღო, გარდა რუსული ხმისა ირანის წინააღმდეგ.

სინამდვილეში "გადატვირთვას" არაერთი რეალური შედეგი მოჰყვა - იმ შეთანხმებით დაწყებული, რომელიც ამერიკულ თვითმფრინავებს ავღანეთის გზაზე რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, ირანის სანქციებით დასრულებული, რომლებიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა სამი რაუნდი.

პირველი ბრალდებაც, რომ თითქოს ამერიკულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების შედეგად, აშშ-ის ნატოს წევრი აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეები (პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიის სახელმწიფოები) და რეგიონის სხვა პარტნიორები (საქართველო და უკრაინა) ავტობუსის ქვეშ შეაგდეს,“სხვა თუ არაფერი, სიცრუეა.

არგუმენტი, რომლის წარმოჩენასაც Washington Post-ის მიმომხილველი რობერტ კაგანი ყველაზე ცხადად ცდილობს, ასეთია: "ობამას ადმინისტრაციამ, თავისი გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად (რომლებიც მოსკოვის მონაწილეობას მოითხოვს), რუსეთის ახლო მეზობლებთან ურთიერთობები შესწირა, ისინი კი ამგვარ დამოკიდებულებას არ იმსახურებდნენ. შემდეგ, ამ ბოროტ ძალებთან შეთანხმებების გაფორმებით, ობამამ მწვანე შუქი აუნთო პრემიერ-მინისტრ პუტინს, მის მომხრეებს და მათ შესაძლებლობა მისცა დიდი რეგიონული ბატონობის სტრატეგიის განხორციელებისა.

აი ახლაც კი მესმის, როგორ თელავს ავტობუსი, რომლის საჭესთანაც თვითკმაყოფილი პუტინი ზის, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების უსიცოცხლო სხეულებს."

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, "ავტობუსის“ბორბლებში" მოექცნენ, ისეთ თანადგომას არავინ იღებს, როგორსაც  საქართველო, რომლის გამოც სიტყვები "ღალატი" და "გამყიდველობა" იმდენად ხშირად გამოიყენება, თითქოს ობამამ თბილისის საპრეზიდენტო სასახლე მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს გააქირავა.

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ობამას ადმინისტრაციას თბილისთან უზარმაზარი ვალდებულებები აკავშირებს: მილიარდიანი დახმარების პროგრამა, რომელსაც საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაჰპირდნენ, 2009 წლის იანვრის შემდეგ გაიცა.

ადმინისტრაციამ სრულად აამოქმედა ამერიკულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც ხელი მოეწერა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში და ამისთვის მინიმუმ ოთხი მთავრობათაშორისი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლებიც თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სხვადასხვა თანაშემწის ხელმძღვანელობით ჩადიოდნენ (ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც თეთრი სახლის პრესრელიზების თანახმად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თვეში ერთხელ მაინც ესაუბრება).

თუმცა ქართველები (და მათი გულმხურვალე მხარდამჭერები ვაშინგტონში) უკმაყოფილონი არიან. მათი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: სურთ სამხედრო აღჭურვილობა, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და საზენიტო ბატარეები. ძალიან უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ადმინისტრაციამ გაახანგრძლივა ამერიკული შეიარაღების გაყიდვაზე ფაქტობრივი ემბარგო, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა, რადგან, მათი განცხადებით, ეს მათ თავდაცვის შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

"გადატვირთვის" კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ემბარგო quid pro quo-ს (ლათ. ხელი ხელს ბანს) აშკარა გამოვლინებაა იმისა, რომ ობამა ქართველებისთვის იარაღის მიყიდვით მოსკოველი მეგობრების განრისხებას არ რისკავს. ნეტავ კი არსებობდეს ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტები. სინამდვილეში (არასაჯარო) სტრატეგია იმ გაკვეთილების შედეგია, რომლებიც ომის პროცესში ქართველი სამხედროების ქმედებებიდან არის მიღებული. როგორც ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა კონგრესში ჩვენებების მიცემის დროს "გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები ფაქტობრივად ყველა დონეზე - სამხედრო უწყებებში, სტრატეგიებში, დოქტრინასა და სამხედრო განათლებაში.

" მეტიც, ომის მიზეზებზე ევროკავშირის კომისიის ანგარიშმა ცხადყო, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების უკიდურესად ცენტრალიზებული პროცესები გახდა. მსგავს სიტუაციებში იარაღის გაყიდვაზე დათანხმება მიზანშეწონილი არ არის. მაგრამ ადმინისტრაცია 2008 წელთან შედარებით  თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავს თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე.

ამ თანამშრომლობის ცენტრში ინსტიტუტების, ძირითადი პოზიციების, ორგანიზაციული სტრუქტურების და თანამედროვე ქმედითი არმიის სხვა კომპონენტების მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ სტანდარტებისთვის უფრო ადრე რომ ეპასუხათ, 2008 წლის სტრატეგიული და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

მოკლედ, ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ "ავტობუსის ბორბლებში მოქცეული მეგობრების" ამბავი გამონაგონი არ არის. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ "გადატვირთვის" ოპონენტებს ეს არ ესმოდეთ. შესაძლოა, ეს კრიტიკოსები "ცივი ომის" გადმონაშთებისგან ჯერ ვერ გათავისუფლებულან და მათ თავისთავად ამერიკულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება განარისხებთ, რასაც  ჩანს,„"ღალატის" ერთგვარ ფორმად მიიჩნევენ.

ნაკლებად დიდსულოვანი ახსნა კი ის გახლავთ, რომ ღალატის ამბავი მარჯვე ხელკეტია  არჩევნების წელს ობამას გასალახად. ყველა შემთხვევაში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ უბრალოდ იყენებენ.

თუმცა, შედეგები აშშ-ისთვის უფრო სარისკოა. რუსეთთან ქმედითი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემასთან გასამკლავებლად.

"ფორინ პოლისი", აშშ