"ურთიერთობა დრამატულად ცუდია" - კვირის პალიტრა

"ურთიერთობა დრამატულად ცუდია"

"როგორც კი საქართველოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, მაშინვე აღვადგენთ მასთან ურთიერთობას", - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა

სტენფორდში, აშშ-ის აკადემიური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მედვედევი რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხსაც შეეხო, კერძოდ, მან თქვა:

"არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, მათ დამოუკიდებლობას არავინ აღიარებს და საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამ ორ ტერიტორიას აღიარების დღიდან დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მიაჩნია თავი. ასეთი მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში ბევრია".

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ამჟამად "დრამატულად ცუდია": "ეს ჩვენი ბრალი არ არის, რადგან რუსეთი თავის ინტერესებს, თავის მოქალაქეებს იცავდა. სამწუხაროდ, ამან სავალალო შედეგი გამოიღო. მინდა საქართველოსთან ურთიერთობა მოწესრიგდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

შეუძლებელია მეზობლებმა გაუთავებლად იჩხუბონ. საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობდით, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ  სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ის ცუდად მოიქცა, იურიდიული ენით რომ ვთქვათ, დანაშაული ჩაიდინა. მან ქართველი ხალხის წინაშე უნდა აგოს პასუხი და არა რუსი ხალხისა, თუმცა ჩემი აზრი მე უკვე გამოვხატე", - ასე დაამთავრა თავისი სიტყვა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ბი-ბი-სი", აშშ