საქართველო კვლავ უარზეა - კვირის პალიტრა

საქართველო კვლავ უარზეა

მსოფლიოს ძლევამოსილმა პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დმიტრი მედვედევმა ობამას საყვარელი ჰამბურგერების მირთმევის შემდეგ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებების პაკეტს, რომლის ერთ-ერთი პუნქტით რუსეთი აშშ-დან ფრინველის ხორცის შემოტანას აღადგენს, ამერიკა კი მხარს დაუჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრებას.

"ამ ორგანიზაციაში რუსეთის შესვლით ყველა მოიგებს, - განაცხადა ობამამ, - მე პრეზიდენტ მედვედევს და მთელ მის დელეგაციას ხაზგასმით ვუთხარი, ახლა კი რუს ხალხს მივმართავ: ჩვენ, რუსეთის წტო-ში გაწევრებით, არა მხოლოდ მის ინტერესებს ვითვალისწინებთ, არამედ აშშ-ისა და მთელი მსოფლიოსას. ამიტომაც გვინდა ამ საკითხის გადაწყვეტა".

სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების არადამაკმაყოფილებელი რეგულაცია, ინტელექტუალური საკუთრების სუსტი კანონი ის საკითხებია, რის გამოც არ სურდა აშშ-ს რუსეთის WTO-ში გაწევრება.

ობამამ განაცხადა, რომ მისი მომლაპარაკებლები ეკონომიკის დარგში დაუღალავად მუშაობენ რუსებთან დარჩენილი "რთული პრობლემების" მოსაგვარებლად, რისი ბერკეტიც რუსეთის მთავრობის ხელთაა.

მედვედევმა კი ამ გადაუწყვეტელ საკითხებს "უმნიშვნელო პრობლემები" უწოდა და განაცხადა, მომლაპარაკებლები სამუშაოს ალბათ სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულებენო.

მაგრამ ის, რომ აშშ-ის ხანგრძლივი წინააღმდეგობა შეიძლება დაძლეულ იქნას, სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი თავის სანუკვარ სურვილს აისრულებს. წტო, რომელიც მეთვალყურეობას უწევს სავაჭრო ხელშეკრულებებს და აიოლებს საექსპორტო ბაზრებზე დაშვებას, 153 სახელმწიფოს აერთიანებს. ყოველი მათგანის ხელშია ახალი წევრების მიღების საკითხის გადაწყვეტა. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც კარგა ხანია თავისი აგრესიული ჩრდილოელი მეზობლის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების წინააღმდეგია.

თბილისი აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთი მხარს უჭერს მის სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, იმით, რომ კრემლმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე ემბარგო დააწესა. ამიტომაც იმუქრება WTO-ში რუსეთის გაწევრებისას ვეტოს უფლების გამოყენებით.

ბოლო თვეებში საქართველოში რუსეთის WTO-ში გაწევრების საკითხისადმი აგრესია თითქოს ჩაცხრა. ამბობენ, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომით დათრგუნვილმა საქართველოს მთავრობამ პოზიცია შეიცვალა, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესოფისის ხელმძღვანელმა ნიკო მჭედლიშვილმა თქვა, რომ მთავრობის პოზიცია უცვლელია.

ობამამ და მედვედევმა ვაშინგტონში, პრეს-კონფერენციის დროს, საქართველო მხოლოდ ერთხელ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო აშშ-რუსეთის უთანხმოებასთან დაკავშირებით ახსენეს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების პროცესში თბილისის როლზე კი არაფერი თქმულა.

"საქართველოს წინააღმდეგობა უპირველესი პრობლემა არ არის, - ამბობს საერთაშორისო ეკონომიკის ამერიკული ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი ანდრეს ასლანდი, - მთავარი ახლა ის არის, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება - მათ ერთმანეთის სჯერათ."

ორგანიზაცია carnegie endowment for international peace-ს ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების დირექტორის, მეთიუ როჯინსკის აზრით, საქართველოს პრობლემა მაინც რჩება და მედვედევი ცდილობს, ობამას ჩამოაშოროს ეს ბარიერი. "ისმის კითხვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აშშ-მა საქართველოზე, თუ ჩვენ, შეერთებული შტატები, გადავწყვეტთ, რუსეთს გზა გავუხსნათ წტო-ში შესასვლელად", - კითხულობს როჯინსკი.

აშშ-ში ყოფნისას მედვედევმა განაცხადა, - როგორც კი საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება, მაშინვე აღვადგენთ ამ რესპუბლიკასთან ურთიერთობებსო. მაგრამ იქნებ მანამდე სცადოს აშშ-მა დაბრკოლების გადალახვა... მოისურვებს თუ არა ამის გაკეთებას აშშ, ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობის განვითარებაზეა დამოკიდებული.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის აზრით, ერთადერთი, რითაც შეიძლება ვაშინგტონმა თბილისს პოზიციის შეცვლისკენ უბიძგოს, არის ეკონომიკური ან სხვა სახის მოგების შეთავაზება, თორემ თავისი კავკასიელი მოკავშირის მიმართ მუქარის გამოყენება გამორიცხულია.

რადიო "თავისუფალი ევროპა"