თბილისი წნეხის ქვეშაა - კვირის პალიტრა

თბილისი წნეხის ქვეშაა

2008 წლის ზაფხულში საქართველო მის ყოფილ იმპერიულ პატრონ რუსეთთან ომში ჩაება, რათა ორი სეპარატისტული რესპუბლიკა - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დაებრუნებინა. დასავლეთის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას მხარი დაუჭირეს.

დღეს განსხვავებული მდგომარეობაა: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პროდასავლური რეჟიმების მხარდაჭერისა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების კამპანია შეწყდა. ამის ნაცვლად პრეზიდენტმა ობამამ პრიორიტეტად დაისახა ის, რასაც მისი თანაშემწე მაიკლ მაკფოლი უწოდებს "ჯანმრთელ სამუშაო ურთიერთობებს რუსეთთან".

თბილისი თავს იზოლირებულად გრძნობს. არ არის გასაკვირი, რომ სააკაშვილმა რეგიონში მხარდაჭერის განსამტკიცებლად მეზობლებს მიმართა. გასულ თვეში მან დედაქალაქში თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა და მათ მხოლოდ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე არ უსაუბრიათ (როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზის ხაზი თბილისიდან-ყარსამდე, რომელმაც საქართველო ევროპას უნდა დააკავშიროს). თურქეთი ასევე საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ეს ორი ქვეყანა წელს უვიზო რეჟიმის შემოღებასაც გეგმავს.

თუმცა შესაძლოა უფრო დიდი სიურპრიზი თბილისი-თეირანის მზარდი ურთიერთობები იყოს. აქტიური დიპლომატიური ვიზიტების კულმინაცია გახდა ივლისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩეჰრ მოთაქის თბილისში სტუმრობა, რასაც თეირანში ორმხრივი ეკონომიკური კომისიის შექმნის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვიზიტი მოჰყვა.

ქართველი მოხელეები ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობის განვითარება„არანაირად არ გულისხმობს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლას, ეს არ ეწინააღმდეგება არც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებულ მის პრიორიტეტულ მიზნებს.

თბილისი აშკარად თავის დაზღვევას ცდილობს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ამერიკის მეგობრები არ არიან.

"ნიუსვიკი", აშშ