აფხაზეთმა მოლაპარაკება "დროებით შეაჩერა" - კვირის პალიტრა

აფხაზეთმა მოლაპარაკება "დროებით შეაჩერა"

"აფხაზეთი არ დაესწრება 27 ივლისს ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებების მომდევო რაუნდს, რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებს ეხება", - განაცხადა  აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნადირ ბეტიევმა.

ბეტიევმა ხაზი გაუსვა, რომ არავინ ეჭვობს  ამ მოლაპარაკებათა მიზანშეწონილობას, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეების წინადადებები იგნორირებულია, ხოლო დისკუსიებმა დაპირისპირების განუახლებლობის შეთანხმებაზე, უკან გადაიწია იმ "მეორეხარისხოვანი" საკითხების სასარგებლოდ, რომლებიც უსაფრთხოების პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ.

აფხაზების იმედგაცრუებას ძირითადად ის იწვევს, რომ საქართველოს დელეგაციას არ სურს იმის განხილვა, რაც აფხაზებს მთავარ საკითხად მიაჩნიათ. ესაა შეთანხმება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ საქართველომ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა.

ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ საჭირო არ არის ასეთი ფორმალური დოკუმენტი, რადგან მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს საზავო შეთანხმების პირველივე მუხლი შეიცავს პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ამ დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოაწერა ხელი.

აშშ-ის დელეგაციის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც ჟენევის 8 ივნისის მოლაპარაკებებს მოჰყვა, მინიშნებულია, რომ საზავო შეთანხმება ასევე შეიცავდა პუნქტს, რომლის თანახმადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ის რაიონები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო ოკუპირებული, რუსეთის ჯარს უნდა დაეტოვებინა. რუსეთს ეს მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია.

საქართველო ამბობს, რომ მას ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების დადება სურს რუსეთთან და არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე პიერ მორელმა 14 მაისს განაცხადა, რომ შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ "ჩვენი აქტივობის საკვანძო მომენტია", მაგრამ მორელს არ დაუზუსტებია, რომელმა მხარემ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

ძალის გამოუყენებლობის პროექტი მზადაა, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ის, გაურკვეველი მიზეზით, მიუღებლად მიაჩნიათ.

აფხაზმა წარმომადგენლებმა 8 ივნისს დატოვეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ პროექტი მათთვის მიუღებელია.

ამ დროს კი აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ მას არა აქვს საქართველოსთან ოდესმე მიერთების სურვილი და ის კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან” დაკავშირებით. ამ სტრატეგიის განზრახვაა, უარი ათქმევინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თვითგამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე.

შამბას აზრით, ამ სტრატეგიის ერთადერთი მიზანია მიამიტი ევროპელებისგან ფულის დაცინცვლა, რითაც დაფინანსდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი თავდასხმა აფხაზეთზე.

ბი-ბი-სი, აშშ