ავსტრიის პოლიციის მასალების კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

ავსტრიის პოლიციის მასალების კვალდაკვალ

ავსტრიის პოლიციის მასალებს, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ გერმანულ გაზეთშიც გამოქვეყნდა, ეხმაურება The Wall Street Journal-ი. სტატიაში ნათქვამია, რომ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ცენტრალურ ევროპაში მოქმედებდნენ, საქართველოში საპროტესტო აქციებს აფინანსებდნენ.

ბრალდების მხარის მასალებში, რომელსაც The Wall Street Journal-ი გაეცნო, ნათქვამია, რომ ორგანიზებული ჯგუფი ქურდობის, შანტაჟისა და ფულის გათეთრების გზით ცენტრალურ ევროპაში ფულს შოულობდა. დოკუმენტაცია ამტკიცებს, რომ ავსტრიაში მყოფ ქართველ ბიზნესმენს ფული 2009 წლის აქციების დასაფინანსებლად სჭირდებოდა.

გაზეთის მტკიცებით, ამავე მასალებში ნათქვამია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჩამოგდება იყო, რაც კორუფციისა და დაშინების გზით ქართულ ეკონომიკაზე გავლენით უნდა მომხდარიყო, მათ კი თავი უნდა აერიდებინათ სისხლის სამართლის დევნისთვის.

ავსტრიის პოლიციის 46-გვერდიან მასალაში დანაშაულებრივი ჯგუფი მოხსენიებულია, როგორც "ორგანიზებული დანაშაულის ქართული ორგანიზაცია". პოლიციის მასალა, რომელიც, გაზეთის მტკიცებით,  მოსმენის გზით არის მოპოვებული, ადასტურებს, რომ ჯგუფს ფესვები საქართველოში აქვს.

მისი წევრები კი, საბერძნეთში, ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მოქმედებდნენ. ავსტრიის პოლიციის მასალებში დანაშაულებრივი ჯგუფის მოკავშირედ დასახელებულია იგორ გიორგაძე, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს. გაზეთის ინფორმაციით, ჯგუფმა სწორედ გიორგაძეს გადასცა 1 მლნ დოლარი, რომლითაც მან 2009 წლის აპრილის აქციები დააფინანსა.

საქართველოში მიმდინარე აქციების დასაფინანსებლად 1 მლნ დოლარის მოგროვება კი, ავსტრიის ფეშენებელურ რაიონში მდებარე რესტორან "ტიფლისის" მეპატრონე რუდიკო გოგუაძემ მოახერხა. ავსტრიის პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში 48 ეჭვმიტანილი მარტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ ამ ფაქტის კომენტირებაზე უარი თქვა.

ავსტრიის პოლიციის მასალები გერმანულმა გამოცემა Frankfurter Rundschau-მ, პირველად 22 ივნისს გაავრცელა. ავსტრიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში დამნაშავეთა ძლიერმა კარტელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა საქართველოს შსს-ში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით იგეგმებოდა. ამავე ვერსიით, ქართული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შუშანაშვილი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის პროვოცირებას აპირებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 24 ივნისს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაელ შპინდელეგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარგინალური ოპოზიციისა და დამნაშავეების თანამშრომლობაზე ინფორმაცია ავსტრიის პოლიციის მიერ მოპოვებულ ფაქტებამდეც არსებობდა.

ვაშაძის თქმით, საუბარი ჰქონდა ავსტრიის შესაბამის სტრუქტურებთან და ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა მწუხარება, რომ ამ ინფორმაციამ დროზე ადრე გაჟონა. ოპოზიციამ, ინფორმაციის გერმანულ გაზეთში გავრცელების შემდეგ ამ ვერსიას აბსურდული უწოდა.

"ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილის აზრით, გერმანულ გაზეთს ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის სტატია საქართველოს ხელისუფლებამ დაუკვეთა. "საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა კი,  Frankfurter Rundschau-ში გამოქვეყნებული სტატია "კომენტარის ღირსად არ მიიჩნია".

მოამზადა

"უოლ სტრიტ ჯურნალი", აშშ