"გადატვირთვა" რუსეთის გვერდის ავლით - კვირის პალიტრა

"გადატვირთვა" რუსეთის გვერდის ავლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ძალზე წააგავს რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შარშანდელ მოგზაურობას - ის უკრაინასა და საქართველოში პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოსკოვში ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა,

რითაც ყველას მიანიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან "გადატვირთვის" გამო თავისი მოკავშირეების მიტოვებას არ აპირებდა.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს აშშ-ის პოზიციები ამ რეგიონში საგრძნობლად შესუსტდა. მაგალითად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მკვეთრად მიბრუნდა რუსეთისკენ. ხელისუფლების სათავეში მისი მისვლის შემდეგ უკრაინაში აშშ-ის არც ერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი არ ჩასულა. აზერბაიჯანი მთელი წელი აშშ-ის ელჩის გარეშეა - ვაშინგტონმა ვერა და ვერ შეარჩია შესაფერისი კანდიდატურა, რაზეც აზერბაიჯანი ძალიან განაწყენებულია. რაც შეეხება პოლონეთს, ბარაქ ობამას ადმინისტრაციას ჯერაც არ დავიწყებია ამ ქვეყნის უარი რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსებაზე.

ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის რანგში, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს პირველად ეწვია. რასაკვირველია, თავისი ხანმოკლე ვიზიტისას ყველა დაგროვილი პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც ტურნეს დაწყებამდე განაცხადა მისმა მოადგილე ფილიპ გორდონმა, სახელმწიფო მდივნის მთავარი მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ აშშ რუსეთთან ურთიერთობის გამოკეთების გამო რეგიონში თავის თამაშზე უარის თქმას არ აპირებს.

ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები, სადაც კლინტონმა უკრაინას თანადგომა გამოუცხადა და პრეზიდენტს უთხრა, - თქვენთვის ნატოს კარი ღია არისო. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან ფრთხილად ისაუბრა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე. სერჟ სარქსიანს კიდევ ერთხელ ურჩია თურქეთთან ურთიერთობის დარეგულირება და ანკარასთან საზღვრის გახსნა. აზერბაიჯანში "ნაბუკოს" პროექტის ბედ-იღბალზე ისაუბრეს.

ჰილარი კლინტონის ვიზიტის ბოლო პუნქტი საქართველო გახლდათ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე უწოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები", რითაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გული მოიგო და მხურვალე მადლობაც დაიმსახურა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჰილარი კლინტონი შეხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს - გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიას. ამ უკანასკნელს ამერიკაში პერსპექტიულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციურ კანდიდატად განიხილავენ.

ჰილარი კლინტონმა იგნორირება გაუკეთა ოპოზიციის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს. ეს შეიძლება იმის გამო მოხდა, რომ საქართველოში მის ჩასვლამდე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ირონიას არ იშურებდა - ჩვენი ხელისუფლება თავს არ დაზოგავს თეთრი სახლის მაღალჩინოსნის გულის მოსაგებადო. რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი სახალხოდ აცხადებდა, - ვაშინგტონი საქართველოს კი არა, სააკაშვილის სატელიტური რეჟიმის მხარდასაჭერად იღვწისო...

"კომერსანტი", რუსეთი