რა ელის საქართველოს? - კვირის პალიტრა

რა ელის საქართველოს?

საქართველო კავკასიაში აშკარად ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. რა თქმა უნდა, მის დემოკრატიას ნაკლოვანებებიც აქვს.

ეს პატარა ქვეყანა მოქცეულია დასავლეთისა და კრემლის სამხედრო ბიუროკრატიას შორის, რომელიც საქართველოს დაკარგულ პროვინციად განიხილავს. საქართველო ამ ვითარებაშია ჩარჩენილი, მას არც 51-ე შტატად შეუძლია გადაქცევა და არც რუსეთის ვასალად გახდომა უნდა.

არსებობს ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რა რთულია რეფორმების გატარება რუსეთის ჩრდილში. საქართველოს დასავლეთით, უკრაინაში იანვარში პრეზიდენტად პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს და ამით უკან შემოაბრუნეს 2005 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" მონაპოვარი, ხოლო საქართველოს აღმოსავლეთით, ცენტრალური აზიის ქვეყანა ყირგიზეთი, აპრილში რუსეთის მიერ პროვოცირებული სისხლიანი გამოსვლების ასპარეზად იქცა, რასაც მოჰყვა ყურმანბეკ ბაკიევის ძალაუფლების დამხობა.

ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა ამ პროცესში ბაკიევის ჩამოგდებას და რუსეთის მონაწილეობას "გამომაფხიზლებელი" უწოდა. სულ რაღაც ორ დღეში 5000-მა კაცმა დაამხო მოქმედი რეჟიმი და ხელისუფლებაში ოპოზიციური ლიდერებისგან შემდგარი ისეთი მთავრობა მოიყვანა, რომლის წევრებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ზოგადად მოსკოვისა და კონკრეტულად პუტინისთვის უღრმესი მადლიერების გამოხატვას.

სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, სადაც ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში "ფერადი" რევოლუცია მოხდა, მხოლოდ საქართველო გადარჩა. კრემლს სხვადასხვა სამხედრო ინსტრუმენტი აქვს, რითაც შეუძლია საქართველოში რეჟიმის ცვლილების თავისეული გეგმა განახორციელოს. აფხაზეთის მეშვეობით რუსეთი შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან პორტს აკონტროლებს. თბილისიდან სულ რაღაც 30 მილში, სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული 5000 სამხედროს მეშვეობით მას შეუძლია დაემუქროს თბილისის მთავრობას დამხობით.

ალბათ ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთი ასეთ თავხედურ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ დასავლეთში 2008 წლის ომის პროგნოზირებაც ცოტამ მოახერხა. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია ისევ ჩაითრიოს საქართველო თავის ორბიტაზე თბილისის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის დასუსტებით  და მართლაც, რაც უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული საქართველო დასავლეთის ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალაზე, მით უფრო მეტადაა იძულებული, აირჩიოს საკუთარი კურსი.

ქართველები თუ იგრძნობენ, რომ დასავლეთისგან გარიყულები არიან, შეიძლება იმ ერთი მუჭა მარგინალურ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს მიემხრონ, რომლებიც ამ ბოლო დროს მოსკოვში პუტინთან შესახვედრად დადიოდნენ. თუ ეს მოხდა, ამაში დასავლეთი ისევე იქნება დამნაშავე, როგორც რუსეთი.

"ფორინ აფეარს", აშშ