ჰილარი კლინტონი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს

ყოფილი საბჭოთა რეგიონის ქვეყნებში ბლიც-ტურნეს დროს ჰილარი კლინტონმა თითქმის ყველა იმ ღილაკს დააჭირა თითი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ

კრემლს განარისხებდა და წონასწორობას დააკარგვინებდა. მაგრამ როგორი რეაქცია აქვს დღეს რუსეთს? უცნაურად მშვიდი, მიჩუმათებულიც კი.

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამა და დმიტრი მედვედევი ორ ზესახელმწიფოს შორის არათანაბარი ურთიერთობების "გადატვირთვას" შეუდგნენ. დღეს ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერები ობამას მოსკოვისთვის საუკეთესო ამერიკელ პარტნიორად მიიჩნევენ.

პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გეგმამ კრემლი გააღიზიანა, მაგრამ როდესაც კლინტონმა 3 ივლისს ხელი მოაწერა 2015 წლიდან  შ-3  ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის განთავსების შესახებ შეთანხმებას, რუსეთს ხმაც არ ამოუღია. პირიქით, დამოუკიდებლობის დღეს მედვედევმა ობამას მილოცვა გაუგზავნა, რომელშიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ნახსენებიც არ არის.

საქართველოში კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა მედვედევის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის "პრივილეგირებული ინტერესების ზონაა", სადაც მას ჰეგემონიის შენარჩუნების უფლება აქვს. "აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა მან, - შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს".

კლინტონმა შეაქო კრემლის მოსისხლე მტერი მიხეილ სააკაშვილი, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული მინირესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერვენცია და გახანგრძლივებული ოკუპაცია. თუმცა ამ განცხადებამ მაინც აიძულა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო მდივნისთვის მსუბუქი საყვედური ეკადრებინა. ორშაბათს მან ჟურნალისტებს განუცხადა, - "ვიღაცისთვის ის (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი - გათავისუფლებული".

ექსპერტების თქმით, კრემლი ამ განცხადებებისა და ქმედებების ფონზე თავშეკავებულობის დემონსტრირებას ახდენს, რადგან მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაცია თავისი რიტორიკითა და ჟესტებით ბუშის პერიოდის ამერიკის პოზიციებს ადასტურებს და იმავდროულად აუმჯობესებს მოსკოვთან ურთიერთობებს.

"ქრისჩენ საიენს მონიტორი", აშშ