პუტინის პოლიტიკური განცხადება - კვირის პალიტრა

პუტინის პოლიტიკური განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, - ვაშინგტონი ყველანაირად ეცდება, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მიაღწიოსო.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, - პრობლემების გადაწყვეტას სხვების მეშვეობით ნუ ცდილობთ, თავად მოელაპარაკეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს, მესამე მხარის ჩარევა საჭირო არ არისო და დასძინა, - ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და ვინც დაიწყო, პასუხიც იმან უნდა აგოსო!

პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში არიან ძალები, რომელთაც რუსეთთან და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობის მოწესრიგება სურთ. "რუსეთს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებს, მხოლოდ გარანტად ყოფნა შეუძლია", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, "საკითხების გადაწყვეტა სხვასთან არ შეიძლება. ამერიკა - ამერიკაა, საქართველო - საქართველო, რუსეთი - რუსეთი, ოსეთი კი ოსეთი. არავის იმედი არ უნდა იქონიოთ, სხვა გზა არ არსებობს", - ეს იყო პასუხი ჰილარი კლინტონის თბილისში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აშშ არასოდეს აღიარებს "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას"...

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე ყოველივე ზემოთქმულზე ასეთ კომენტარს აკეთებს: "დიალოგი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან არც ადრე ხერხდებოდა და არც ახლა გამოვა. ჩვენ 2008 წლამდეც გვეუბნებოდნენ, - მოელაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებსო. მაგრამ მაშინაც იგრძნობოდა, რომ მოსკოვს სულაც არ აძლევდა ხელს ეს დიალოგი. 2008 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. თუმცა არსებობს მოლაპარაკებების ჟენევის პროცესი და მის ჩარჩოებში შეიძლებოდა მუშაობა, თუ ამის სურვილი იქნება"...

აბაშიძეს მიაჩნია, რომ "პუტინის თავშეკავებული და წყნარი რეაქცია კლინტონის განცხადებაზე - აშშ საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ეცდებაო, უპირველესად, მესიჯია ვაშინგტონისთვის".

მოსკოვის კარნეგი-ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო ამბობს: "რა საკითხზე შესთავაზა თბილისს პუტინმა მოლაპარაკება ცხინვალთან? ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ჰუმანიტარულ მისიაზე, კარდინალური ცვლილებები არ მოხდება. ტერიტორიის დაბრუნება არ მოხდება და დასძინა, - პუტინს კლინტონისთვის უნდა ეპასუხა და უპასუხა კიდეც, ისევე როგორც კლინტონს თბილისში სწორედ ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინა".

გერმანიის საბჭოს საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ალექსანდრ რარმა აღნიშნა რუსეთის პრემიერის თავშეკავებული რეაქცია და ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ მიმართულებას: ასეთ განცხადებებს საერთოდ აკეთებენ პრეზიდენტები და არა მთავრობის მეთაურები, მაგრამ რუსეთს ტანდემი მართავს. კარგია ეს თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ეს რეალობაა. გამორიცხული არ არის, რომ პუტინს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მედვედევისგან აქვს მიღებული.

სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, რარი არ გამორიცხავს მომავალში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლას. ის ამტკიცებს, რომ აფხაზეთი სულ უფრო განამტკიცებს თავის დამოუკიდებლობას და მას აღიარებენ და მხარს დაუჭერენ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, როგორც თურქეთი უჭერს მხარს. "სამხრეთ ოსეთის სტატუსი კი, იმის გამო, რომ რუსეთისგან მთებით არის გამოყოფილი, რესპუბლიკის შიგნით კი ბევრი ქართული სოფელია, შეიძლება შეიცვალოს.

სამხრეთ ოსეთი უკვე რუსეთის თავის ტკივილად იქცა - მასზე ბევრი ფული იხარჯება, რესპუბლიკა კორუმპირებულია. თანაც დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. ამიტომაც მომავალში ან რფ-ში უნდა შევიდეს, ჩრდილო ოსეთს გაუერთიანდეს, ან ფედერაციულ საწყისებზე საქართველოს დაუბრუნდეს", - ამბობს ექსპერტი.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი