"პუტინი რეგიონული მოთამაშეა, იგი გიჟი არაა" - რას წერს ნორვეგიელი მწერალი საქართველოსა და რუსეთზე?
28-04-2018
"პუტინი რეგიონული მოთამაშეა, იგი გიჟი არაა" - რას წერს ნორვეგიელი მწერალი საქართველოსა და რუსეთზე?
"მწერალმა ერიკა ფატლანდმა ჩრდილოეთ კორეიდან ნორვეგიამდე იმოგზაურა. მისი მიზანი იყო გაეგო, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთი თავის მეზობლებზე. ერიკა ფატლანდმა თავისი მოგზაურობის შესახებ წიგნი დაწერა", - ნათქვამია დანიური გაზეთის «Berlingske» სტატიაში სათაურით "ნორვეგიელმა მწერალმა ქალმა რუსეთის ირგვლივ მდებარე ქვეყნები შემოიარა: "პუტინი რეგიონული მოთამაშეა. იგი გიჟი არაა, პირიქით" (ავტორი - ქრისტინა ნედგორ-ნილსენი).

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მწერალი ეწვია ჩინეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას... საქართველოში იგი შეხვდა 80 წლის ქართველ მოხუცს, რომელმაც ერთხელ, ხუთი
წლის წინათ, გაიღვიძა და ნახა, რომ რუსებმა, რომლებიც ადრეც ცდილობდნენ საზღვრის გადაწევას, ახლა ღამით, შეუმჩნევლად გადაწიეს საზღვარი ისე, რომ მოხუცი და მისი სახლი საზღვრის მიღმა აღმოჩნდა, "სამხრეთ ოსეთში". ამ სეპარატისტულმა რესპუბლიკამ რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ერიკა ფატლანდი საქართველოს საზღვრამდე აზერბაიჯანელმა მძღოლმა მიიყვანა. მისთვის ძალიან სასიამოვნო
განცდა იყო, რომ საქართველოს საზღვარს უახლოვდებოდა. "მოგზაურობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, საზღვარზე გადასვლისას როგორ შეგხვდებიან და რა ქვეყანაში მოხვდები. ჩემთვის საქართველოს საზღვარი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ქართველი მესაზღვრეები ძალზე მხიარულები აღმოჩნდნენ. ჩემთვის საქართველო საყვარელი ქვეყანა გახდა", - იცინის ერიკა, - პატარა ქვეყნებს აინტერესებთ, რას ფიქრობენ უცხოელები მათზე. უკან რომ მოვდიოდი, საზღვარზე კითხვები დამისვეს - რას ფიქრობთ საქართველოზე, როგორ მოგეწონათ ქართული საჭმელები... ალბათ, ასეთი კითხვების დასმა თითქოსდა არასერიოზულია, მაგრამ ეს მოწმობს, რომ ისინი ცნობისმოყვარე და საინტერესო ხალხია. თუ გადაწყვიტეს დახმარება და ზეიმის მოწყობა, ყველაფერს გადადებენ. მე ვიტყოდი, რომ ამ თვალსაზრისით ქართველები ათჯერ იტალიელები არიან. ამიტომ საქართველოში მოგზაურობა ძალიან მხიარული და ადვილია".

ერიკა ფატლანდის მოგზაურობის დროს დაემთხვა რუსეთის მოქმედება საზღვრების შეცვლის მიზნით. მოსკოვმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთში ომის გაჩაღებას ხელი შეუწყო.

"რუსები ყოველთვის ოპორტუნისტები არიან და თამაშის წესებს ნაკლებად იცავენ, ვიდრე, ვთქვათ, ბევრი დასავლური სახელმწიფო. რუსები ყველა შემთხვევას იყენებენ, რომ მათი ქვეყანა უფრო დიდი გახდეს. ვფიქრობ, მომავალშიც ასე გააგრძელებენ. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რეგიონული მოთამაშეა. იგი გიჟი არ არის, პირიქით - ის ყველაფერს აკეთებს, რაც, მისი აზრით, სასარგებლოა თავისი ქვეყნისათვის, თუმცა ხშირად არღვევს საერთაშორისო სამართალს და წესრიგს. ბევრ შემთხვევაში ეს უსინდისობაა", - ამბობს ერიკა ფატლანდი და იხსენებს რუსეთის მიერ ჩეჩნეთის დაბომბვას 1990-იან წლებში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ომს, ბრძოლას ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინისათვის.

"რუსეთი ყოველთვის შეეცდება უკან დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც მის შემადგენლობაში შედიოდნენ. რუსების ცნობიერებაში ყაზახეთისა და ბელარუსის ტერიტორია რუსული ტერიტორიაა. ამასთან, არა მგონია, რომ რუსეთი გაბედავს და ნატოს წევრ ქვეყანას "უკბენს", რადგან მისთვის შედეგები სატირელი იქნება. მაგრამ მის მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, უსაფრთხოება გარანტირებული არ აქვთ. ყაზახეთს, სანამ მას პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობს, არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ მისი რეჟიმის მემკვიდრე რუსეთთან ურთიერთობას არ დააბალანსებს, ყაზახეთი შეიძლება შემდეგი მიერთებული ქვეყანა აღმოჩნდეს".

"მომავალში რუსეთი, ალბათ, კიდევ შეეცდება გაფართოებას, მაგრამ მას იგივე ბედი ეწევა, როგორიც იმპერიებს, რომლებმაც მეზობლების ტერიტორიები "მოკბიჩეს". იმპერიები მუდმივები არ არიან, ბევრი იმპერია არსებობდა, შემდეგ კი იშლებოდნენ და ქრებოდნენ. რუსეთში ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. რუსეთის სახელმწიფო არაეფექტურია კორუფციისა და სუსტი ეკონომიკის გამო. ვფიქრობ, რომ რუსეთი კიდევ გაფართოვდება, მაგრამ საბოლოოდ დაიშლება. მე არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის მოხდება მისი დაშლა, მაგრამ მჯერა, რომ 100 წლის შემდეგ რუსეთის საზღვარი ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღესაა. მისი საზღვარი უფრო მოკლე იქნება". (წყარო)
----------
Berlingske - დანიის ყველაზე ძველი გაზეთია, მისი პირველი ნომერი დაიბეჭდა 1743 წლის 3 იანვარს. ამჟამად ტირაჟით (98 ათასი ეგზ.) მესამე ადგილზეა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

koba
12 ივლისი 2018 18:31
მანტრასავით რომ იმეორებთ რუსეთი დაიშლებაო, მაინტერესებს რა ნაწილებად შეიძლება დაიშალოს რუსეთი. საბჭოთა კავშირი გასაგებია - ხელოვნურუ კონგლომერატი იყო, მაგრამ რუსეთის მიმართ იგივეს გამეორება უბრალოდ თავის მოტყუებაა, რისი დიდოსტატიც არის ადამიანის ტვინი. ამაში და წინდაუხედაობაში ჩვენ ჩემპიონები ვართ.

ვიცი, ადმინ არ გაუშვებს ამ პოსტს, თუ ვცდები, მომიტევოს.
კოტე
12 ივლისი 2018 14:56
იქნებ ისიც გაეხსენებინა ამერიკამ (ნატო) შუაგული ევროპა, რომ დააუთავა და შემდეგ დაჰყო მრავალ ჯუჯა სახელმწიფოდ, მერე კი აიღო და ევროპას მიაერთა სათითაო, იცით რამდენი მშვიდობიანი მოსახლე მათ შორის ბავშვები დაიოღუპა მაშინ? სად იყვნენ დანარჩენი მსოფლიო იმ დროს რატო არ იღებდნენ ხმას, თუ ეს ყველაფერი დემოკრატის ნიშნავდა.

NaTela
12 ივლისი 2018 13:55
დიახ, ყირიმი რუსეთს ეკუტვნოდა, მაგრამ მანამდე თათრების იყო, ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალი კი უძველესი ქართული მიწებია. ეს ძალიან კარგად იციან ოსებმაც და აფხაზებმაც და რუსებმაც. არ შეერგებათ, განადგურდებიან და როგორც ერი აღარ იარსებებენ.

რედაქტორის რჩევით