"როცა ღვინის ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ" - რას წერს The Guardian-ი ქართულ ღვინოზე? - კვირის პალიტრა

"როცა ღვინის ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ" - რას წერს The Guardian-ი ქართულ ღვინოზე?

ბრიტანული გამოცემა «The Guardian» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "საქართველოდან ლიბანში: ძველი მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების შესწავლისათვის". სტატიაში საუბარია მსოფლიოში ვაზის (ვენახების) გაშენების გეოგრაფიულ არეალზე, ღვინის დამზადების ტრადიციებზე და საერთოდ, მეღვინეობის სპეციფიკაზე სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით (ავტორი - ჩად პარხილი).

"ღვინის სამყარო უდიდესია, პირდაპირი გაგებით. ის მცენარე, რომლის ნაყოფისაგან ღვინოს ამზადებენ, სამხრეთ შვედეთიდან ახალ ზელანდიამდე ხარობს. მიუხედავად ამისა, ღვინის მოყვარულები და ბევრი ღვინის ექსპერტი-პროფესიონალი ღვინის სამყაროს არცთუ სამართლიანად ორ ნაწილად ჰყოფენ: არის "ძველი მსოფლიო", რომელიც ტრადიციულად მოიცავს საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ესპანეთს, პოსტუგალიას, ავსტრიას და "ახალ მსოფლიოს" - აშშ, სამხრეთ ამერიკას (არგენტინას ჩილეს), ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას.

რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ღვინის დამზადების ხანგრძლივ ტრადიციებს, ღვინის პრესტიჟს... მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყანაში ვაზი ხარობს და ვენახებია გაშენებული, მას ღვინის ქვეყნად ვერ ვაღიარებთ. კუნძულ ბალიზეც ხარობს ვაზი, მაგრამ განა ბალის ღვინოს ვინმე დალევს? თუმცა ფაქტია, რომ ავსტრიის სამხრეთით ისეთი ქვეყნები მდებარეობენ, სადაც ღვინო უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო - საბერძნეთი, ხორვატეთი, ჩეხეთი... უსამართლობაა, რომ ამ ქვეყნებში დამზადებულ ღვინოებს მნიშვნელოვან ყურადღებას არ უთმობენ", - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციებს აცნობს.

"როცა "ძველ მსოფლიოზე" ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ - როგორც ასაკის, ისე ღვინის დამზადების სტილის მიხედვით. საქართველოში მეღვინეობა და ღვინის დამზადების კულტურა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6000 წლის წინათ არსებობდა, ანუ ესაა მეღვინეობის ყველაზე ადრეული დადასტურება. ქართული ღვინოები ბოლო დროს ცნობილი სასმელების სიებში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებენ და ვაი იმ სომელიეს, რომელიც "რქაწითელს" "საფერავისაგან" ვერ გაარჩევს (ესენია ქართული თეთრი და წითელი ღვინოების ყველაზე ცნობილი სახეობები).

სწორედ ისტორიას გრძნობთ ქართული ღვინის ყოველ ყლუპზე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ღვინის ბოტანიკოსებისთვის. საქართველო ცნობილია ღვინის დაყენების კულტურით, მისი დამზადებისათვის აუცილებელი ატრიბუტებით, შესანახი ჭურჭლებით, რომლებიც მარნებში (სარდაფებში) მიწაშია ჩაფლული", - აღნიშნავს ავტორი.  (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ