ევროპამ თბილისის ბლოკადა გაარღვია - კვირის პალიტრა

ევროპამ თბილისის ბლოკადა გაარღვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის კვალდაკვალ, საქართველოში ერთიმეორის მიყოლებით ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში კეტრინ ეშტონი.

ბერნარ კუშნერი საქართველოში ელისეს მინდვრებზე ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დამთავრებისთანავე გაემგზავრა. ფრანგი მინისტრის თვითმფრინავი თბილისში ღამით ჩაფრინდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინვე გაემართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.

ბ-ნი სააკაშვილი სტუმარს პრეზიდენტის სასახლის მთავარ შესასვლელთან გულთბილად შეეგება, ფრანგულად მიესალმა და დარბაზში შეუძღვა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ზეიმის და მაღალი სტუმრის პატივსაცემად სუფრა იყო გაშლილი - მაგიდას საფრანგეთის დროშის ფერებით გაფორმებული ტორტი ამშვენებდა... ნავახშმევს კი სტუმარ-მასპინძელი ტერასიდან ადევნებდა თვალს ბასტილიის აღებისადმი მიძღვნილ ფეიერვერკს.

ასეთი დიდებული შეხვედრის შემდეგ თბილისში ელოდნენ, რომ ჰილარი კლინტონის მსგავსად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის ყოფნას "ოკუპაციას" უწოდებდა, მაგრამ ფრანგმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ არ ეთანხმება ასეთ კატეგორიულ შეფასებას. "ოკუპაცია" მხოლოდ სიტყვაა, პრობლემების გადასაწყვეტად კი საქმეა საჭირო", - თქვა მან.

სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, "საფრანგეთი საქართველოს არასოდეს მიატოვებს და არ დაივიწყებს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ჩვენთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ისინი კვლავ საქართველოს დაუბრუნდეს".

ამით კუშნერმა პარიზის თვალსაზრისი გაახმიანა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ჯერაც არ გაუყვანია თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, ე.ი. თავისი ვალდებულება არ შეუსრულებია. მიუხედავად ამისა, კუშნერმა თბილისს მოსკოვთან დიალოგისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთი  საქართველოს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან დაახლოებაში, თან დასძინა, - რუსეთი ამ ურთიერთობას ვეტოს ვერ დაადებსო. თბილისში იმედოვნებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში, ქალბატონ კლინტონსა და ბატონ კუშნერთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონიც დაეხმარებათ.

ვიზიტის მთავარი თემა იყო ბრიუსელთან "პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმების" მომზადება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დოკუმენტი ქვეყანას ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას მისცემს. ქალბატონმა ეშტონმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაზეც პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთთან, "კავკასიურ სახელმწიფოებს უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს". ამავე დროს, აღნიშნა, რომ დოკუმენტის დასკვნითი ვარიანტი მზად მხოლოდ ორი წლის შემდეგ იქნება.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ თბილისის მიმართ ბრიუსელის ურთიერთობაში აშკარა დათბობა უკვე შეინიშნება: ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისათვის, მათ შორის ბიზნესმენების, სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის, ვიზების მიღების გაიოლებული პროცედურის შემოღება გადაწყვიტა.

"კომერსანტი", რუსეთი