"პირველი კავკასიური" უთანამგზავროდ დარჩა - კვირის პალიტრა

"პირველი კავკასიური" უთანამგზავროდ დარჩა

პარიზის სასამართლომ განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სარჩელი ფრანგული თანამგზავრული კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ, რომელმაც

საქართველოს უარი უთხრა ყოფილ სსრკ-ის რუსულენოვანი რეგიონებისთვის, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხრეთი ნაწილისთვის ქართული პროგრამების ტრანსლირებაზე.

ტელეარხი, რომლის მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსულენოვანი აუდიტორიისთვის მიეწოდებინა სიმართლე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, 16 იანვარს გავიდა ეთერში, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მოულოდნელად შეწყვიტა მაუწყებლობა. მას შემდეგ არხის პოვნა ინტერნეტსა და საქართველოს ტერიტორიაზე ზოგიერთ საკაბელო ქსელებზე იყო შესაძლებელი.

EUTELSAT-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტი ხელმოწერილი არ ჰქონდათ. ქართული მხარე კი ამტკიცებდა, რომ ფრანგული თანამგზავრული კომპანიის პოზიციაზე გავლენა იქონია დიდმა პოლიტიკამ. ამის დასტური კი იყო ის, რომ სსრკ-ის ყოფილ ტერიტორიაზე ტრანსლაციის მთელი სიმძლავრეები ფრანგებისგან სასწრაფოდ გამოისყიდა რუსულმა კომპანია "გაზპრომ მედიამ".

პარიზის სასამართლომ ნახევარწლიანი განხილვის შემდეგ EUTELSAT-ის ქმედებებში პოლიტიკური ვერაფერი დაინახა. მის მიერ გამოტანილ დადგენილებაში ნათქვამია, რომ ფრანგულ კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება თანამგზავრიდან "პირველი არხის" გათიშვაზე, ამ არხის ხელმძღვანელობას კი სასამართლოს ყველა დანახარჯის ანაზღაურება ევალება.

ტელეარხ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა შეფმა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის წაგების მთავარი მიზეზი საქმეში ვიღაც ქართველი შუამავლების ჩარევაა. მათ თავიანთი მერკანტილური ინტერესების გამო თავდაპირველი კონტრაქტი უნიჭოდ და არაკომპეტენტურად შეადგინეს, რამაც ფრანგულ მხარეს მისი დარღვევის საშუალება მისცა.

"ერ-ეფ-აი", საფრანგეთი