ლავროვი მიანიშნებს... - კვირის პალიტრა

ლავროვი მიანიშნებს...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში რეჟიმის ცვლილების განახლებული გეგმა მოხაზა. 8 ივლისს, ტელეკომპანია "მირისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან დაძაბულობა იწინასწარმეტყველა.

ლავროვმა ქართველებს მოუწოდა, აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები რეგიონის მკვიდრ აფხაზებთან და ოსებთან, აგრეთვე  საქართველოში მცხოვრებ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან. მან საქართველოს ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების სფეროში საკმაოდ დიდ დარღვევებში”დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო ან იგნორირებას უკეთებს, ან დუმს ამ სავარაუდო დარღვევებზე. მაგრამ არც ერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ ადასტურებს ლავროვის ბრალდებას, "საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევის შესახებ".

ამგვარად, ლავროვი არის პირველი რუსი დიდმოხელე, რომელმაც აშკარად მიანიშნა, რომ მოსკოვმა შეიძლება წააქეზოს უმცირესობები საქართველოში. ინტერვიუში ის საქართველოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს და ეთნიკური დაძაბულობის შესახებ გაფრთხილება ცხადად ჩართო საქართველოში რეჟიმის ცვლილების რუსული პოლიტიკის კონტექსტში. მას, როგორც მაცნეს, ორმაგი წონა აქვს, რადგან წარმოშობით ნახევრად თბილისელი სომეხია. მედიის არჩევანიც ძალიან მნიშვნელოვანია - ტელეკომპანია "მირი" მაუწყებლობს დსთ-ის ქვეყნებში, ანუ სამხრეთ კავკასიის სხვა  რესპუბლიკებშიც.

ეს განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისში პრომოსკოვური პოლიტიკოსების დამარცხების შემდეგ, მოსკოვი საქართველოს პროვინციებში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტებს ეძებს. 30 მაისს მთელ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა და მთავრობამ მასობრივი ნდობის მანდატი მოიპოვა. არჩევნებმა სახელმწიფოსა და კონსტიტუციისადმი ლოიალური ოპოზიციური ჯგუფები სისტემაში ჩართო და ხაზი გაუსვა რუსეთის პოლიტიკური პროტეჟეების მარგინალობას.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა რუსულ ხელისუფლებას აქამდე საქართველოს შიგნით სხვა ეთნიკური დაძაბულობის პროვოცირების რაიმე სისტემური მცდელობა არ ჰქონია. იმ სივრცეებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები სახლობენ (სამცხე-ჯავახეთის ნაწილი და ქვემო ქართლი), საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც წესი, ხმების უდიდესი უმრავლესობით ხელისუფლებას ანიჭებენ უპირატესობას.

ასე რომ, ლავროვმა 2012 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის წინასწარი გასროლა გააკეთა - ეს არის ახალი რუსული გეგმა საქართველოში რეჟიმის ცვლილებისათვის.

თუ მოსკოვი ასეთ პოლიტიკას წამოიწყებს, მადესტაბილიზებელი ეფექტი შეიძლება მთელ რეგიონს მოედოს და პოტენციურად სომხეთსა და აზერბაიჯანზეც იქონიოს გავლენა. ერევანსა და ბაქოს დიდი ხანია საქართველოს იმ რეგიონების სტაბილურობაში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, საკუთარი წვლილი შეაქვთ. სტაბილური საქართველო, რომელსაც დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა მართავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მთავრობისთვის.

თავის მხრივ, სომხეთსაც სჭირდება სტაბილური და სანდო გზა საქართველოს გავლით გარე სამყაროსთან. ყველა სომხური მთავრობა ფრთხილად აკავებდა საქართველოში მცხოვრები სომხების რეალურ და წარმოსახვით განაწყენებას. ასეთი ნაწყენობა ერევანში მხოლოდ ნაციონალისტურ წრეებში იგრძნობა. მაგრამ თუ მოსკოვი დაიწყებს ჯავახეთის სომხების პრობლემაში ჩარევას, სომხური მთავრობა შეიძლება ნაციონალისტური წნეხის ქვეშ მოექცეს და რუსეთს მიჰბაძოს.

ასე რომ, ლავროვის მუქარანარევი გაფრთხილება პრობლემას უქმნის არა მარტო თბილისს, არამედ ერევანსა და ბაქოსაც. თუ მოსკოვი გააღვივებს ეთნიკურ დაძაბულობას საქართველოს შიგნით, ის სამხრეთ კავკასიაში უფრო დიდი არასტაბილურობის შემომტანი გახდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენი", აშშ