სააკაშვილი ბელორუსებს გაესაუბრა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ბელორუსებს გაესაუბრა

15 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის პირველმა არხმა რუბრიკით - "აქტუალური ინტერვიუ", აჩვენა სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით.

ბელორუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ზოგიერთი გაზეთისა და ტელეარხის კრიტიკული გამოხდომების საპასუხოდ მინსკმა "მძიმე არტილერია" გამოიყენა.

ბელორუსიის ტელევიზიის კორესპონდენტი დენის კურიანი საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, თავის რეზიდენციაში მიიღო. ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი ბელორუსია-საქართველოს ურთიერთობას.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბელორუსი ხალხისადმი დიდი სიმპათიით არიან განწყობილი და მართლაც, თუ არსებობს ევროპიზებული ნაცია, ეს რასაკვირველია, ბელორუსია. საქართველო დსთ-ის წევრი აღარ არის, მაგრამ როცა მხარდაჭერა გვჭირდებოდა, ბელორუსია ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა. ახლა კი ბელორუსიის ხელმძღვანელობა ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მძევალი გახდა.

კრემლი ბელორუსიისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ითხოვს, მაგრამ მინსკმა მას ღირსეული პასუხი გასცა.

და მაინც, როგორ გახდა შესაძლებელი საქართველოს პრეზიდენტის გამოჩენა ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით მაშინ, როცა რუსეთი მას "გარიყულს" უწოდებს.

ბელორუსიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვიტალი რიმაშევსკი დარწმუნებულია, რომ ამ გადაცემით ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიების პასკვილებს უპასუხა.

ასევე, ეტყობა, ბელორუსიის პრეზიდენტმა ვერ დაივიწყა ის, რომ მოსკოვმა ფაქტობრივად აიძულა ბელორუსია, უპირობოდ შესულიყო საბაჟო კავშირში. ლუკაშენკომ უკვე გამოცდილი გამაღიზიანებელი - სააკაშვილი გამოიყენა და თავისი "მეობის" დემონსტრირება მოახდინა.

მოსკოვის კარნეგი-ცენტრის სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო ამბობს, რომ ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიით სააკაშვილთან ინტერვიუს საშუალებით ლუკაშენკომ თქვა ის, რასაც პირადად ვერ იტყოდა.

სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელმა ბორის გრიზლოვმა კი ღვარძლიანად განაცხადა: - ვინც სააკაშვილს პრეზიდენტად თვლის, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ნურც იოცნებებს. რუსეთისთვის სააკაშვილი არ არსებობს და საქართველოსთან მხოლოდ მაშინ გამოსწორდება ურთიერთობა, როცა პრეზიდენტი სხვა იქნებაო. ამ განცხადებით გრიზლოვმა განამტკიცა ბელორუსი ექსპერტების ვარაუდი, რომ მოსკოვი ყველაფერს იღონებს მეზობელ სახელმწიფოში ხელისუფლების შესაცვლელად.

რადიო "თავისუფალი ევროპა"