აშშ-ს "მანასის" ბედი აღელვებს - კვირის პალიტრა

აშშ-ს "მანასის" ბედი აღელვებს

ყირგიზეთიდან მიღებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებით შეშფოთებულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იქ თავისი წარმომადგენელი გაგზავნა.

ამას წინ უძღოდა ბიშკეკში აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის საკითხში მთავარი მრჩევლის მაიკლ მაკფოლის შეხვედრა ყირგიზეთის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტ როზა ოთუნბაევასთან. მაკფოლის ვიზიტის დროს ამერიკული ავიაბაზის, "მანასის" საკითხი ოფიციალურად არ განხილულა.

პირველ რიგში საუბარი იყო ყირგიზეთის სამხრეთში მომხდარი ეთნიკური კონფლიქტების შედეგების აღმოფხვრასა და ვითარების სტაბილიზაციაზე. თუმცა მაკფოლის ვიზიტი ცხადყოფს, რომ მისი ჩასვლის მთავარი მიზეზი აშშ-ის სამხედრო ბაზა იყო. მაისის დასაწყისში სწორედ ობამას ეს მრჩეველი ჩავიდა ბიშკეკში "მანასის" გამო. ამ ავიაბაზის საკითხი გაურკვეველია.

ყირგიზეთის ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის აზიმბეკ ბექნაზაროვის ამასწინანდელი ინტერვიუს თანახმად, აშშ-ის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის. ვიცე-პრემიერის თქმით, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგანგებოდ უნდა განიხილონ ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხი - ბექნაზაროვს მიაჩნია, რომ ბაზა ფულის "გათეთრების" საშუალებაა და არა ტერორთან ბრძოლის ობიექტი. შუა ივნისში ვიცე-პრემიერი იმუქრებოდა, რომ ბაზას დახურავდა, თუ დიდი ბრიტანეთი უარს იტყოდა ლონდონში დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟის გადმოცემაზე.

ზოგიერთი ექსპერტი ამ განაცხადში მოსკოვის გავლენას ხედავს, რომელიც დიდი ხანია ბიშკეკისაგან ამერიკული ბაზის დახურვას ითხოვს. ობამას ადმინისტრაცია არ აღიარებს, რომ ყირგიზეთში ერთმანეთს უპირისპირდება რუსეთისა და ამერიკის ინტერესები.

მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამერიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერენ, რომ შარშან რუსეთმა თითქმის მიაღწია ბაზის დახურვას, მაგრამ პრეზიდენტმა ბაკიევმა მოატყუა მოსკოვი - იჯარის მომატებაზე აშშ-ის თანხმობის შემდეგ განაცხადა, რომ ბაზის ნაცვლად ტრანზიტული გადამზიდი ცენტრი გაიხსნებოდა. რუსეთს ბაკიევის რეჟიმთან ურთიერთობა დაეძაბა, მოსკოვმა ყირგიზეთს ბენზინის გადასახადი გაუძვირა, რასაც რამდენიმე დღეში სისხლისმღვრელი შეტაკებები და ბაკიევის გადადგომა მოჰყვა.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი