ყირიმელ თათრებს დამოუკიდებლობა სურთ - კვირის პალიტრა

ყირიმელ თათრებს დამოუკიდებლობა სურთ

ყირიმში გაგანია საკურორტო სეზონის დროს მიწასთან დაკავშირებით დაიწყო ადგილობრივ თათართა მღელვარება. თუმცა, ეს პრობლემა უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე დადგა.

ამჯერად ექსპერტები ახალ სახიფათო ტენდენციას აღნიშნავენ: კონკურენცია და კონფლიქტები თავად ყირიმელ თათართა სათვისტომოში შეინიშნება, რომელშიც სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს რადიკალური ფრთა.

ბოლო დრომდე ყირიმელ თათართა მთავარი საორგანიზაციო სტრუქტურა იყო მეჯლისი - არაფორმალური პარლამენტი. მისი ლიდერები ცალსახად "ნარინჯისფერ" ხელისუფლებას დაეყრდნენ და ვერ შეძლეს მრავალწლიანი პრობლემების გადაჭრა, რამაც შიდა ოპოზიციის წარმოქმნას შეუწყო ხელი. 2007 წელს შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ავდეტი", რომელიც ფორმალურად პოლიტიკას გაემიჯნა და მხოლოდ მიწის საკითხების იურიდიულ გადაჭრას შეუდგა.

ავდეტსა და მეჯლისს შორის დაძაბული ურთიერთობაა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია სწრაფად იკრებს ძალას და მძლავრ პოლიტიკურ მოძრაობად ყალიბდება. გაზაფხულზე პრეზიდენტმა ვ. იანუკოვიჩმა მოლაპარაკება გამართა მეჯლისის ლიდერებთან, ყირიმის ახალმა ხელისუფლებამ - "ავდეტის" წარმომადგენლებთან.

ორივე ჯგუფს პრობლემების გადაჭრას შეჰპირდნენ. ყირიმელმა თათრებმა მაშინვე მოუსინჯეს პირი სახელმწიფოს მეთაურს და ნახევარკუნძულზე ყირიმულ-თათრული ენისთვის ოფიციალური სტატუსი მოითხოვეს.

კიევი ამას არ დათანხმდა და გამწვავების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა რუსული ენის ოფიციალურ სტატუსთან დაკავშირებით ყირიმის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაში. ენის საკითხს აუცილებლად მოჰყვება თვითგამორკვევის საკითხი. ჯერ კიდევ 1991 წელს ყირიმელმა თათრებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმად ნახევარკუნძული ყირიმელ თათართა ნაციონალურ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს.

ნახევარკუნძულზე უკმაყოფილების თავიდათავი მიწის საკითხია. პრობლემა იმითაც მძიმდება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ყირიმელ თათართა 270-ათასიანი სათვისტომო შესაძლოა, 100 ათასი კაცით გაიზარდოს რომლებიც ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებიან. ეს კი მიწასთან დაკავშირებული კონფლიქტის ამბოხად ქცევას  ნიშნავს.

მართალია, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნ. აზაროვმა ყირიმელი თათრები გააფრთხილა ახალი ცენტრალური ხელისუფლება - არ მივიღებთ ულტიმატუმის ენასო, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება გრძნობს საფრთხეს. ამ დღეებში კიევმა ავტონომიურ რესპუბლიკაში გაგზავნა კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენად სწორად განაწილდა მიწები ყირიმში დაბრუნებულთა შორის. ავტონომიის პრემიერ-მინისტრი ვ. ჯარტი დარწმუნებულია, რომ მიწის ინვენტარიზაცია აღკვეთს იმას, რაც დღეს ყირიმში ხდება.

ექსპერტების აზრით, ყირიმელ თათართა განწყობა სულ უფრო რადიკალური ხდება. ადრე მეჯლისი უბრალოდ აშანტაჟებდა კიევს კონფლიქტის საფრთხით. მაგრამ "ავდეტის" ახალი ლიდერები გაცილებით აგრესიულნი, საბრძოლველად შემართულნი არიან და ისლამური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი