"ჩვენ სხვადასხვა აზრისა ვართ"... - კვირის პალიტრა

"ჩვენ სხვადასხვა აზრისა ვართ"...

ივლისის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს საქართველოში კიდევ ერთი წლით თავისი მანდატის გაგრძელების მიზანშეწონილობას. მისიის მეთაური ჰანს იორგ ჰაბერი ჰყვება საქართველოში თავის მუშაობასა და ევროპული მონიტორინგის პერსპექტივაზე.

- აქ როდემდე დავრჩებით, ჯერ არ ვიცით. ორი წლის წინანდელთან შედარებით ახლა მდგომარეობა გაცილებით მშვიდია. მაშინ ყოველ წუთს ველოდით შეიარაღებული შეჯახებების განახლებას. ამჯერად სიტუაცია უფრო სტაბილურია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ სტაბილიზაციას ვემსახურებით. კონფლიქტები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. მერე რამდენჯერმე მოხერხდა მდგომარეობის ჩაწყნარება. ახლა მთავარია, კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრა. ეს კი საქართველოს მთავრობამ უნდა შეძლოს დარეგულირების ახალი სტრატეგიით, რომელიც ორიენტირებული იქნება აფხაზეთთან და ოსეთთან ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე.

მაგრამ ამ მიმართულებით სხვა მხარეებმაც უნდა იმუშაონ, რუსეთის ჩათვლით. მშვიდობიანი სტრატეგია ყველაზე სწორი მიდგომაა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ამ გეგმებისა ჯერჯერობით არ სჯერათ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ სტრატეგიაში ბევრ დადებითს დაინახავენ.

- საქართველო უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება არა აქვთ, და მხოლოდ ამ რესპუბლიკების მიმდებარე რეგიონებს აკონტროლებენ.

- მედვედევ-სარკოზის ცნობილი ხელშეკრულებით ჩვენი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ახალი რეალიები შექმნა. ჩვენ სხვა აზრი გვაქვს და საფუძვლიანიც, თუ რა მხარეებისგან შედგება საქართველო. მე ახლო მომავალში არც ველი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლების მოპოვებას, მაგრამ მოთხოვნას დაჟინებით ვაგრძელებთ.

- სოხუმი და ცხინვალი პერიოდულად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ქართული ჯარების კონცენტრირებაზე ლაპარაკობენ.

- ასეთი კონცენტრაცია არ არსებობს. ჩვენ საქართველოს თავდაცვის და შს სამინისტროსთან მოლაპარაკებები გვაქვს. ქართველები ჩვენი მუშაობით დაინტერესებულნი არიან.

- ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები იცავენ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

- აქ დილემის წინაშე აღმოვჩნდით. ერთი მხრივ, რუსეთის მესაზღვრეები იქ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებების საფუძველზე დგანან, არადა, იქაურ ხელისუფალთ ამგვარი ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. მეორე მხრივ, უდავოა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა იქ რაღაც წესრიგი მაინც დაამყარეს...

- რას უნდა ველოდოთ ჟენევის მორიგი დისკუსიებიდან?

- აფხაზები და ოსები საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების დადებას ითხოვენ, რაც თეორიულად მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაშიც არის ჩადებული. საქართველო მზად არის რუსეთთან დადოს ხელშეკრულება, ოღონდ გალის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მისიის არეალის გაფართოებას ითხოვს. ამ მიმართულებით წინსვლას ჯერჯერობით არ ველი, თუმცა ყველა მხარე ძალის გამოუყენებლობას ემხრობა.

- ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო. ეს თუ იმოქმედებს ვითარების დარეგულირებაზე?

- თუ საქართველო მიმზიდველი გახდება, მაშინ აფხაზებისა და ოსების მიზიდვასაც მოახერხებს.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი