სტუმრად ამღიარებლებთან - კვირის პალიტრა

სტუმრად ამღიარებლებთან

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ლათინურ ამერიკას, კერძოდ, ნიკარაგუასა და ვენესუელას ესტუმრნენ.

თუ არ ჩავთვლით კერძო მივლინებებს რუსეთში, სადაც სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ხშირად ჩადიან, ლათინურ ამერიკაში გამგზავრება მათთვის საზღვარგარეთული პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ორივე ლიდერი მოსკოვიდან 16 ივლისს ცალ-ცალკე თვითმფრინავით გაფრინდა. აფხაზეთის პრეზიდენტმა ჰავანამდე მიაღწია და ტექნიკური გაჩერების დროს კუბელ მოხელეებსაც შეხვდა, 17 ივლისს კი მშვიდობიანად დაეშვა მანაგუაში.

ედუარდ კოკოითის მგზავრობა უფრო დრამატული იყო, მისი თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავა გაფუჭდა, ამიტომ ჰელსინკში დაჯდომამ და თვითმფრინავის გამოცვლამ მოუწია. ნიკარაგუაში ჩასვლა ერთი დღით დაგვიანდა, მაგრამ მაინც შეუერთდა სერგეი ბაღაფშს და შემდგომი გზა ლიდერებმა ერთად განაგრძეს: სამი დღე ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგასთან გაატარეს, ერთი დღე - ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან.

ერთკვირიანი ვოიაჟის შედეგი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დადება იყო. ხელი მოეწერა მეგობრობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებებს.

გარდა ამისა, აფხაზებმა ნიკარაგუასა და ვენესუელასთან გააფორმეს ხელშეკრულება საჰაერო და საზღვაო სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე მემორანდუმი ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არავითარი კონკრეტულობა ხელმოწერილ დოკუმენტებში არ ჩანს. როგორც ეტყობა, ეს მხოლოდ ჩარჩო-ხელშეკრულებაა.

კოკოითი ამბობს, ბიზნესმენები ლათინური ამერიკიდან ხომ არ ჩამომყვებოდნენ, მერე ჩამოვლენ და თვითონ განსაზღვრავენ თანამშრომლობის სფეროებსო. აფხაზეთის გეგმებიც ჯერჯერობით წყალწყალაა. "ჩვენ დაინტერესებული ვართ ნიკარაგუის ყავით, კაკაოთი და ტროპიკული ხილით, ჩვენ კი ნიკარაგუას, თუ ესაჭიროება, შეგვიძლია შევთავაზოთ ჩაი, თამბაქო", - აცხადებს სერგეი ბაღაფში.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკარაგუა თამბაქოს მწარმოებელია, ჩაი კი ლათინურ ამერიკაში უხვად მოჰყავთ, ამის საჭიროება არ იქნება. უფრო პერსპექტიულად გამოიყურება სოხუმის მიერ შეთავაზებული აფხაზეთის პორტები აფხაზეთის გავლით რუსეთის სამხრეთისკენ ტვირთის რეექსპორტისთვის. თუმცა აქაც არანაკლები კითხვებია: პორტები ინვესტიციებს საჭიროებენ, მაგრამ ინვესტორები მათ რეკონსტრუქციას არ ჩქარობენ.

ვიზების გაუქმება კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ლათინურამერიკელ პარტნიორებთან ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადებაში აშკარად რუსი დიპლომატების ხელი ურევია. ეს აშკარად ჩანს კოკოითისა და ბაღაფშის მიერ დადებული ხელშეკრულებებით, რომლებიც ორი წვეთი წყალივით ჰგვანან რუსეთის მიერ ნიკარაგუასა და ვენესუელასთან დადებულ ხელშეკრულებებს.

ამიერკავკასიური რესპუბლიკების მეგობრობას ნიკარაგუასა და ვენესუელასთან სწორედ მოსკოვი ასაზრდოებს. ვენესუელამ მოსკოვისგან იარაღის კრედიტი მიიღო - 2,2 მლრდ დოლარი. მაისის ბოლოს კრემლმა ნიკარაგუას ფინანსური მხარდაჭერისთვის 10 მლნ დოლარი გამოუყო. გარდა ამისა, გადაწყვეტილია 10 მლნ დოლარის გადარიცხვა ნაურუსთვის, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა დეკემბერში.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი