ქართველებს ბედნიერება 70 წლის შემდეგ ეღირსებათ - კვირის პალიტრა

ქართველებს ბედნიერება 70 წლის შემდეგ ეღირსებათ

საქართველო საბჭოთა დროიდან შემორჩენილ ქონებას ყიდის. რასაკვირველია, დალხენილი ცხოვრების გამო არა. ძალიან უჭირს და იმიტომ. მალე გასაყიდად გამოიტანენ მაგისტრალურ გაზსადენს მოზდოკი-თბილისი-ერევანი, ამას მოჰყვება აერონავიგაციის და საჰაერო სივრცის კონტროლის რესპუბლიკური სამსახური.

შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ აუქციონზე გასაყიდად რკინიგზაც გაიტანოს. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტები, ისევე როგორც სხვა მრავალი, სახელმწიფო საკუთრებაა და სტრატეგიული მნიშვნელობის ნუსხაშია შეტანილი.

"ვარდების რევოლუციის" ბელადებმა "საბჭოთა ფეოდალიზმიდან" საქართველოს ამოთრევა და ევროპული ცივილიზაციის სამოთხეში გადაყვანა გადაწყვიტეს, რისთვისაც კარდინალური რეფორმები იყო საჭირო, რეფორმების განსახორციელებლად კი - რადიკალური პრივატიზაცია. რასაკვირველია, რუსებმა დაასწრეს ყველას და გაუმართლათ კიდეც.

რუსული კაპიტალი ახლა საქართველოს ასეულ ფირმასა და კომპანიაშია. ენერგეტიკული სექტორით დაწყებული - მინერალური სასუქებით და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებით დამთავრებული.

"სააკაშვილის ერის" დადგომასთან ერთად საქართველოს სხვა ქვეყნების ინვესტორებიც მოეძალნენ. მაგალითად, იაფი მუშახელის მოზიდვის იმედით სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდი "პუმა" თავისი ქარხნის თურქეთიდან საქართველოში გადატანას აპირებს.

მრავალმილიარდიანმა ინვესტიციებმაც ვერ უშველეს საქართველოს ეკონომიკას, რადგან ეს თანხები უფრო საბანკო და ფინანსურ სექტორებშია თავმოყრილი. რეალურ წარმოებებში ცოტა თუ დებს ფულს. გერმანელებმა რუსთავსა და კასპში ცემენტის წარმოება ააწყვეს. ეს ქარხნები კრიზისამდე, სამშენებლო ბუმის დროს აყვავდნენ, მაგრამ ახლა სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ.

გასული 6 წლის მანძილზე სააკაშვილის გუნდმა ვერ მოახერხა საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემების გადაჭრა, მასობრივი უმუშევრობის შემცირება, ცხოვრების დონის გაზრდა საკუთარი რესურსებით. საქართველო იძულებული გახდა დიდ ვალებში ჩავარდნილიყო. თუ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყნის საგარეო ვალი 1,8 მლრდ დოლარი იყო, ახლა 8,790 მლრდ დოლარს აღწევს.

როდის შეძლებს ამ ვალის გასტუმრებას პატარა საქართველო? ჯერჯერობით ქვეყანა სესხებით არსებობს, 2013 წელს კი ვალების ნაწილის გასტუმრების დრო დადგება - სახელმწიფო ხაზინიდან 700 მლნ დოლარზე მეტის გაცემა იქნება საჭირო... მაგრამ საქართველოს დაღუპვას არავინ დაუშვებს.

ალბათ კრედიტორები თბილისის ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმდებიან ან ძველის დასაფარავად ახალ-ახალი ვალის აღებას შესთავაზებენ. საგანგაშო ზარი უკვე წელს გაისმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჯერ მსუბუქად გაკიცხა თბილისი უსაშველოდ დიდი თანხების ხარჯვის გამო და შესთავაზა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კარდინალურად შემცირება ან შემოსავლის ნაწილის გადადებისთვის საშუალების მოძებნა.

საქართველოს ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმების "მამამ" კახა ბენდუქიძემ ერთხელ მოსკოველ ჟურნალისტს გულახდილად უთხრა: "ერთმა დეპუტატმა, ზურაბიშვილმა მკითხა, როდის ვიცხოვრებთ ისე, როგორც ევროპაში ცხოვრობენო?" ვუპასუხე: "თუ ჩვენ სწრაფად გავიზრდებით, ევროპა კი უფრო ნელა, მაშინ შეიძლება, მაგალითად, ბელგიისნაირ ქვეყანას 70 წლის შემდეგ დავეწიოთ-მეთქი.

ეს დეპუტატი ახლა ოპოზიციის ლიდერია, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაში იყო. მითხრა, - სისულელეა, მაქსიმუმ ორი-სამი წელი დაგვჭირდებაო. დავუმტკიცე, რომ ეს შეუძლებელი იყო. მერე ერთ-ერთმა დეპუტატმა ჩურჩულით მკითხა, - პრეზიდენტმა თუ იცის ამის შესახებო. თითქოს ეს სახელმწიფო საიდუმლო ყოფილიყო, რომ ჩვენ ორ წელიწადში ბელგიას ვერ დავეწეოდით".

მოსკოველმა სტუმარმა სცადა, დაეზუსტებინა - იცოდა თუ არა ამის შესახებ პრეზიდენტმა. ბენდუქიძემ კატეგორიულად განუცხადა, - პრეზიდენტმა იცისო.

იცის, მაგრამ ეტყობა, რეალურად ვერ აღიქვამს თავისი ქვეყნის მდგომარეობას.

"როსბალტი", რუსეთი