სააკაშვილი ტოტალური თავდაცვით იმუქრება - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ტოტალური თავდაცვით იმუქრება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებს ქვეყნის მთელ

ტერიტორიაზე ტოტალური თავდაცვისათვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ზოგიერთი დამკვირვებლის ვარაუდით, სახელმწიფოს მეთაურის მილიტარისტული მოწოდება რევანშისტულ გეგმებზე მიუთითებს;

თანაც ჟენევაში ქართულმა დელეგაციამ ისევ არ მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან. "ნონსენსია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ოკუპირებულ საკუთარ ავტონომიებთან. ჩვენ მზად ვართ მსგავსი ხელშეკრულება რუსეთთან დავდოთ, მაგრამ ის უარზეა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

სამხედრო ხელმძღვანელობასთან წარმოთქმული სიტყვა შეუმჩნეველი არც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩენიათ, სოხუმსა და ცხინვალში მუქარასთან მიახლოებულ სენტენციებსაც კი საკუთარი მისამართით იღებენ, "ჩვენ მიჩვეული ვართ ქართულ პროპაგანდას", - აცხადებს სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელი. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მზად არიან საქართველოს ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად:

"ჩვენთან რუსული არმია არის დისლოცირებული, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია". არადა, სააკაშვილს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე შეტევა არც უხსენებია, ის მოსკოვის მოსალოდნელ შეტევაზე ლაპარაკობდა. "რუსეთი დაჟინებით ცდილობს მთელ საქართველოზე კონტროლის დაწესებას. მტერს საქართველოს პოლიტიკური წყობის შეცვლა უნდოდა.

2008 წელს განაცხადეს კიდეც, რომ საქართველოს დამხობა რამდენიმე თვეში მოხდებოდა. პირადად მე "პოლიტიკურ გვამს" მიწოდებდნენ"... მუქარა რომ ვერ აასრულეს, საკუთარ სისუსტედ აღიქვეს, ახლა კი ფიქრობენ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ურთიერთობა იმიტომ გაუფუჭდათ, რომ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"შიშს დიდი თვალები აქვს. საქართველოს წინააღმდეგ არავინ არაფერს დააპირებს, თუ მისი ხელმძღვანელობა ორი წლის წინანდელ ვერაგობას არ გაიმეორებს. იმ შეცდომის შედეგები მწარე აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის და ეს გაკვეთილი უნდა გაეთვალისწინებინა", - თქვა რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურმა წარმომადგენელმა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველოს არმიის პოტენციალის აღდგენა გადაწყვიტა. ეს კი იმით ჩანს, რომ "პრეზიდენტი კვლავ რიხიანად ალაპარაკდა".

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი