ჟენევას შვებულება ამჯობინეს - კვირის პალიტრა

ჟენევას შვებულება ამჯობინეს

27 ივლისს ჟენევაში, კავკასიაში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი, მეთორმეტე რაუნდი შედგა, სადაც ერთ მაგიდას უსხედან

რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები და ამერიკელი მედიატორები\. ყველა შეხვედრაზე დელეგაციები წარმომადგენლობითი იყო და მეთაურებიც შესაბამისი სტატუსისა ჰყავდათ. ამჯერად კი რუსეთმა და აფხაზეთმა თავიანთი დელეგაციები დაბალი რანგის მოხელეებით დააკომპლექტეს.

მაგალითად, რუსეთის დელეგაციას ტრადიციისამებრ, საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსეი დვინიატინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გულახდილად განაცხადა, - ჩვენი დელეგაციის სიმცირე და შემადგენლობა საზაფხულო შვებულებების ბრალიაო, თან დასძინა, - ამას რუსეთისგან პოლიტიკურ სიგნალად ნუ მიიღებთო.

სოხუმი არ აპირებდა ჟენევაში დელეგაციის გაგზავნას - რა აზრი აქვს, თბილისი ჩვენთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე ხელს მაინც არ მოაწერსო, მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტეს თავიანთი წარმომადგენლების ჟენევაში მივლინება, ოღონდ უფრო დაბალი რანგის მოხელეთა შემადგენლობით. აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის ვიაჩესლავ ჩირიკბას ნაცვლად მოლაპარაკებებზე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნადირ ბიტიევი გაუშვეს. გაურკვეველი მიზეზების გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო აშშ-ის დელეგაციის მეთაურმა ფილიპ გორდონმაც.

ქართველი ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ჟენევის რაუნდზე რუსეთისა და აფხაზეთის დელეგაციების სტატუსის დაქვეითება "მსუბუქი შანტაჟი და მინიშნებაა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში დემარში უფრო სერიოზული იქნება". თბილისის დელეგაციას ტრადიციულად ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია, ხოლო ცხინვალისას - ოსეთის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის კონსულტაციები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მეცამეტე რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი