რუსეთმა ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს - კვირის პალიტრა

რუსეთმა ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზე, ქართულ შეთქმულებებსა და მაფიის გადატრიალების გეგმებზე საუბრობს.

- გასულ კვირას აფეთქებები მოხდა ბალყარეთში, არასტაბილურობაა აფხაზეთში. მაშასადამე, საქართველო გარშემორტყმულია კონფლიქტური სიტუაციებით.

- დიახ, რეგიონში სიტუაცია უარესდება, რაც რუსეთის უგუნური პოლიტიკის ბრალია. მას პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია, იქ ათასობით ადამიანს კლავენ: ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს, რაც ხელს აძლევთ ფუნდამენტალისტებს.

საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მეზობლად მუსლიმანური ხალიფატი გვყავდეს. ჩვენ და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროსა და კულტურაში. გვინდა, რუსეთი იყოს სტაბილური, მაგრამ ამისთვის მან ცივილიზებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

- ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმა გასულ კვირას Standard-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დაკავშირებულია 2005 წელს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან.

- უფრო გონივრული იქნებოდა ისეთ პოლიტიკოსებთან საუბარი, რომლებიც მეტ სიმწიფეს ავლენენ. ამ კაცს მხოლოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ის სასაცილო განცხადებებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა სასაცილო არ არის. პრემიერ-მინისტრი ჟვანია ჩემი საუკეთესო მეგობარი და პოლიტიკური დამრიგებელი იყო. ამ საქმეს ორი მხარე იძიებს: ქართული და ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერავინ იტყვის, რა მოხდა.

- წელს, მარტში, ვენაში ქართველ მაფიოზთა ჯგუფი ამხილეს, რომლებიც იმავდროულად თითქოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობას გეგმავდნენ.

- ვფიქრობ, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო ქათინაურია. პრეზიდენტმა მაფია ისე გააპარტახა, რომ მას სააკაშვილის დამხობა სურს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ეფექტიანად ვებრძვით მაფიას, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. მოხარულნი ვართ, რომ მაფიას ავსტრიის ხელისუფლებაც არ ინდობს, მაგრამ რუსეთში ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ.

- თუმცა, ისიც ითქვა, ამ გეგმებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენო.

- საერთაშორისო სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობაში ჩვენ აღარ გვაქვს მაფიოზური სტრუქტურები. ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რადიკალურ ჯგუფებს მთავრობის დასამხობად. მსგავსი ფაქტის დაბეჯითებით გამორიცხვა არ შეიძლება. თქვენ მსგავს რამეს სადმე გამორიცხავთ?

"დერ სტანდარდი", ავსტრია