ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

ამერიკელების მკვლელობაში ქართველები "რუსულ კვალს" ეძებენ - რას წერენ ხადას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

თბილისში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ტრაგედია ნატოს სამიტის წინ მოხდა

ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე არერთმა წამყვანამა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მათ შორის სტატიები გამოჩნდა რუსულ მედიაშიც. მაგალითად, «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულ მასალაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების, აგრეთვე მათი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობის გარემოებები, დასახელებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, მისი ადვოკატის თვალსაზრისი და ა.შ.

სტატიაში გამოყენებულია ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში აღწერილია ორმაგი (საქართველოსა და აშშ-ის) მოქალაქეობის მქონე ამერიკელების რაიან და ლორა სმიტების საქმიანობა, მათი დამოკიდებულება ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასთან. სტატიაში ასევე განხილულია მკვლელობის სავარაუდო მოტივები, რომლებთაც, შეიძლება ითქვას, ყოფითი მიზეზები აქვს.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ტრაგედიის "გამჭვირვალობის" მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ჟურნალისტი მომხდარში "რუსულ კვალს" ხედავს და გამოძიებას მოუწოდებს, რომ რუსული აგენტურის მონაწილეობის ვერსია განიხილოს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველებს მსგავსი ტრაგედიის   ნატოს სამიტისა და რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის წინ დატრიალდება, აეჭვებთ.

საქართველოში მომხდარი მკვლელობის თაობაზე მასალები დასავლურ მასმედიაშიც ვრცელდება, თუმცა ისინი უმთავრესად ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტებს ეყრდნობიან და ჯერჯერობით რაიმე კომენტარი ან შეფასება მათში გამოხატული არ არის. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ ამერიკულ გამოცემა Newsweek-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით "საქართველოში მწყემსი ამერიკელი მშობლებისა და მათი ოთხი წლის ვაჟის მკვლელობის გამო დააპატიმრეს" (ავტორი - ჯეისონ ლემონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მასალა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

იხილეთ ასევე: "ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

მოამზადა სიმონ კილაძემ