საქართველო ორი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

საქართველო ორი წლის შემდეგ

კინოდოკუმენტალისტმა ნინო კირთაძემ თავის სამშობლოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტზე ემოციური ქრონიკა გადაიღო.

2008 წლის 7 აგვისტო. რუსეთის არმია  შეიჭრა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელია, ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. რაკეტებმა გრიალით გაარღვიეს ცა, კვამლში გახვეულ ნანგრევებში გვამები მოჩანს. სწორედ ვეებერთელა რუსეთსა და ერთი ციდა საქართველოს შორის გაჩაღებული ომით იწყება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 3 აგვისტოს "თჰემა დ’Aრტე  - ომი და მშვიდობა კავკასიაში" ფარგლებში გაიმართა.

ოფიციალურად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დასახმარებლად, სინამდვილეში კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად შემოჭრილმა რუსეთის არმიამ გეზი დედაქალაქისკენ აიღო. ქართველები საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას ითხოვენ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, ევროკავშირი ცეცხლის შეწყვეტას აღწევს და ექვსპუნქტიან სამშვიდობო გეგმას წარადგენს. შეთანხმების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ საკუთარი სამხედრო ბაზები განათავსა.

ეს წარსულია, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ? "სტატუს კვო შენარჩუნდა", - აცხადებს დოკუმენტური ფილმის ავტორი, წარმოშობით ქართველი ნინო კირთაძე. ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ხმამაღლა იცავს. დღეს ასობით ათასი ქართველი გამოგდებულია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, მათ დაბრუნებას კი პირი არ უჩანს.

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, არღვევს საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად ევროპის საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია. რეჟისორი ადანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელმაც დასავლეთისა და რუსეთის კარგ ურთიერთობას მისი ქვეყანა შესწირა.

უახლესი ისტორიის ეს ეპიზოდი ემოციურად და რეალისტურადაა ნაჩვენები. ფილმი დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესსაც მიჰყვება. პრეზიდენტი სააკაშვილი - თავის მანქანაში, ოპოზიცია თავის მთავარ შტაბში, რუსეთის შეიარაღებული ძალები - ფრონტის ხაზზე და დამფრთხალ-აწიოკებული მოსახლეობა.

"მე ოსი ვარ - მამა ოსი მყავდა, დედა - ქართველი, ბებია - რუსი, ჩემი ქმარი ქართველია. სად უნდა წავიდე?"- კითხულობს ქალბატონი - ამ კონფლიქტის მსხვერპლი.

"ფილმების გადაღების დროს მე შემიძლია გარდავქმნა ჩემი ტკივილი ან იმედგაცრუება, რომ ადამიანთა გულებისკენ გზა ვიპოვო", - ამბობს ნინო კირთაძე.

"ლე მონდი", საფრანგეთი