ცხინვალელები შველას დასავლეთს სთხოვენ - კვირის პალიტრა

ცხინვალელები შველას დასავლეთს სთხოვენ

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა დასავლეთის სახელმწიფოებს საცხოვრებელი სახლების აღდგენაში დახმარება სთხოვა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, კვლავ კატასტროფული მდგომარეობაა. დასავლეთისადმი კოლექტიური მიმართვა სამხრეთ ოსეთში რფ-ის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის საინსპექციო ვიზიტის დამთავრებისთანავე გაჩნდა. თხოვნას პირველი საქართველო გამოეხმაურა, რომელიც ყველა პრობლემის უმოკლეს დროში გადაწყვეტისთვის არის მზად.

წინამორბედთა მსგავსად, ნანახით შუვალოვიც უკმაყოფილო დარჩა. "ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამიტომაც 2011 წელს რესპუბლიკის აღდგენის სქემა შეიცვლება, - განაცხადა მან ცხინვალში გამართულ თათბირზე, - შეიქმნება ახალი მაკონტროლებელი სამთავრობათაშორისო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი".

ამავე თათბირზე ედუარდ კოკოითიმ მშენებლობის ტემპის შენელებაში დამკვეთებიც დაადანაშაულა, შემსრულებლებიც და კიდევ რაღაც მიზეზები დაასახელა, მაგრამ ამ რესპუბლიკის მკვიდრთ "ახალი სქემისა" და "საპატიო მიზეზებისთვის" არ სცხელათ - გრძნობენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ამ მესამე ზამთარსაც 200 ოჯახს დანგრეულ სახლებში, ზოგს კი ღია ცის ქვეშ ან სამადლოდ ვიღაცასთან შეფარებულს მოუწევს ცხოვრება. სწორედ ამ გამოუვალმა მდგომარეობამ უბიძგათ დახმარებისთვის დასავლეთისთვის მიემართათ.

ცხინვალელ უსახლკაროთა განცხადებაში ნათქვამია, რომ "283 მრავალსართულიანი და 322 კერძო სახლის აღდგენა 2009 წლის ბოლოსთვის უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ, ოფიციალური ცნობით, 2010 წლისთვის მხოლოდ მესამედი გარემონტდა: 85 მრავალსართულიანი და 102 კერძო სახლი".

ცხინვალში სევდიანად ხუმრობენ, - დამარცხებულმა საქართველომ დევნილებს ერთ თვეში აუშენა კოტეჯები - კონფლიქტის ზონის ახლოს მთელი დასახლება გაშენდა, გამარჯვებულები კი მესამე წელია, კარვებითაც ვერ ამარაგებენ თავიანთ ხალხსო.

თუ ცხინვალელების თხოვნას დასავლეთი შეისმენს, დახმარების მიღებისას ტექნიკური პრობლემები მაინც შეიქმნება. რუსეთის გარდა, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. ამიტომ დახმარების მიღება პირდაპირი გზით მხოლოდ ამ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი. სხვა სახელმწიფოები თუ გამოეხმაურებიან თხოვნას, დახმარებას საქართველოს გავლით გადასცემენ, რადგან სამხრეთ ოსეთს მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.

"თუ რომელიმე სახელმწიფო გადაწყვეტს დაეხმაროს ცხინვალის რეგიონს, შევეცდებით, დახმარებამ ადრესატამდე მიაღწიოს", - თქვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა და დასძინა, რომ თბილისი მზად არის, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ არაფერი იცის ცხინვალელთა მიმართვის თაობაზე.

"თუ სხვა ქვეყნები სამხრეთ ოსეთის დახმარებას მოინდომებენ, ამის გაკეთება ვლადიკავკაზის გავლით შეუძლიათ, ხოლო საქართველოს გზით ან საქართველოსგან დახმარებას ვერ მივიღებთ - ჩვენ დაურეგულირებელი ურთიერთობები გვაქვს", - განაცხადა ჯიოევმა.

"კომერსანტი", რუსეთი