"მტკვრის კავშირი" - კვირის პალიტრა

"მტკვრის კავშირი"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო პროცედურების გამარტივების სურვილი გამოთქვა, ცოტა ხნის შემდეგ კი, საქართველოს ტელეარხებმა ქართულ-თურქული ერთობლივი საკონტროლო გამშვები პუნქტის, "სარფის" მშენებლობა გააშუქეს.

ამ პუნქტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო-თურქეთის საზღვრის გადამკვეთნი საბაჟო პროცედურებს მხოლოდ ერთხელ გაივლიან, რაც დროსაც დაზოგავს და პოზიტიურად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ტურისტულ სფეროზე. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ განაწილდება საბაჟო შემოსავალი.

რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილმა, ფინანსთა სამინისტროში ინსპექტირების დროს, მკაცრად გააკრიტიკა მებაჟეები. ამის შემდეგ ამ პუნქტზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, ხოლო ერთობლივი საბაჟოს ამოქმედების შემდეგ სურათი სულ სხვა იქნება. მაგრამ მხოლოდ გამშვები პუნქტი "სარფით" როდი შემოიფარგლა საქართველოსა და თურქეთის საბაჟო სისტემების ინტეგრაცია.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ერთობლივი მუშაობის იმავე პრინციპით ამოქმედდება საბაჟო ქალაქ ვალეში, რაც, ალბათ, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება. ამ პროექტის მონაწილეები 2 აგვისტოს ბაქოში შეთანხმდნენ, რომ გზა 2012 წლისთვის უნდა იყოს მზად.

ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, საქართველოსა და თურქეთის ღია საზღვრები შესაძლებლობას იძლევა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სატრანსპორტო დერეფანი რეალურად იქცეს დიდი აბრეშუმის გზის გლობალური პროექტის მნიშვნელოვან მონაკვეთად.

თურქეთის საზღვრისპირა პროვინციის გუბერნატორმა არდაღან მუსტაფა თექმენმა დაამკვიდრა ტერმინი "მტკვრის კავშირი", ანუ თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის - სამი სახელმწიფოს კავშირი, რომელთა ტერიტორიაზეც მიედინება მტკვარი - რეგიონის ყველაზე დიდი მდინარე. პოლიტიკური მიზეზების გამო მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების მიღმა დარჩენილ სომხეთში ამ კავშირს "ანტისომხური" დაარქვეს.

ერევნის გულისწყრომას ისიც იწვევს, რომ დასავლეთის დახმარებითაც ვერ შეძლო კორექტივების შეტანა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტში.

საქმე ის არის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაკონსერვებული გიუმრი-ყარსის რკინიგზის ხაზი, დებლოკაციის შემთხვევაში, საგრძნობლად გააიაფებდა ამჟამინდელი გზის მშენებლობას - ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის გაყვანის საჭიროება აღარ იქნებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერევნის წინადადებას მომხრეები თურქეთშიც გამოუჩნდნენ, აზერბაიჯანმა თავისი სქემა მაინც გაიტანა:

სანამ მთიანი ყარაბაღის პრობლემა არსებობს, ყველა პროექტი სომხეთის გარეშე განხორციელდება! თუმცა "მტკვრის კავშირის" საკვანძო ქვეყანა საქართველო მხოლოდ ამჟამინდელი გეგმებით არ შემოიფარგლება. სააკაშვილი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ღია საზღვრების აუცილებლობაზეც ლაპარაკობდა და აასრულა კიდეც ნათქვამი - თბილისში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კობა ბაინდურაშვილმა და სომხეთის ელჩმა საქართველოში ჰრაჩია სილვანიანმა საზღვრის ინტეგრირებული მმართველობის პრინციპის დანერგვის საკითხები განიხილეს.

ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა, პროგრამის ინტეგრირებული საზღვრების მართვის ჩარჩოებში, ერევანს 2 მლნ დოლარამდე გამოუყო სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციისთვის. მაგრამ "ერთობლივ რეჟიმზე" გადასვლამდე მეზობლებს აუცილებლად მოუხდებათ რამდენიმე სადავო ტერიტორიული საკითხის გადაჭრა. სააკაშვილის იდეა უფრო რთულად ვითარდება აზერბაიჯანში.

აქაც არსებობს "ტერიტორიული გაურკვევლობა", მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაქო არ ენდობა გამჭვირვალე საზღვრების იდეას. სამხრეთკავკასიელ ანალიტიკოსთა აზრით, ეს აზერბაიჯანული ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც თავის უახლოეს პარტნიორ თურქეთთანაც კი ვერ გადაუწყვეტია სავიზო რეჟიმის გაუქმება.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი