საქართველოს დახმარება სჭირდება! - კვირის პალიტრა

საქართველოს დახმარება სჭირდება!

ჯონ მაკკეინი 8 აგვისტო, 2010

კვლავ საკამათოდ რჩება, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, არავინ კამათობს, რომ ორი წლის წინ რუსულმა ჯარმა გადმოკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და საქართველოს თავს დაესხა სტრატეგიული ბომბდამშენებით, ღრმად შეიჭრა მის სუვერენულ ტერიტორიაზე, გამოყარა თითქმის 127.000 ქართველი საკუთარი სახლებიდან. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დაიპყრო საქართველო. ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

მიუხედავად მუდმივი რუსული საფრთხისა, საქართველო აგრძელებს განვითარებას. დაახლოებით 1000 ქართველი ჯარისკაცი იბრძვის ჩვენ გვერდით ავღანეთის ურთულეს მონაკვეთებში. საქართველოში სულ უფრო ძლიერდება კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ვითარდება ეკონომიკა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში აღიარებული იქნა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. სანამ საქართველოში პოლიტიკური რეფორმები გრძელდება, ევროპის პარლამენტმა ამ არჩევნებს უწოდა "რეალური ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატული განვითარებისაკენ".

რუსეთში კი ადამიანის უფლებების დამცველნი იდევნებიან, მათ უსწორდებიან და კლავენ კიდეც. თუკი პრეზიდენტ მედვედევს სურს მოდელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციისთვის, შეუძლია მაგალითი აიღოს საქართველოსგან. თუ ობამას ადმინისტრაცია ეძებს ურთიერთობებს, რომელსაც მართლაც სჭირდება "გადატვირთვა", მან უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს.

დაეხმაროს საქართველოს ხელმძღვანელობას, ნატოში გასაერთიანებლად, თავდაცვითი პოტენციალის აღსადგენად და გასაძლიერებლად. ბოლო დრომდე ტერმინი "ოკუპაციაც" კი არ იხმარებოდა. ახლახან ადმინისტრაციამ გააკეთა იმედისმომცემი განცხადებები და დროა, სიტყვები ეფექტიან პოლიტიკაში გადაიზარდოს.

ადმინისტრაციას შეუძლია მოუწოდოს ეუთოს, შეიმუშაოს გეგმა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფდა ჯარების გასვლას, დევნილების დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს, ამას მისთვის უარყოფითი შედეგები უნდა მოჰყვეს. მედვედევს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს საკითხზე თანამშრომლობა ამერიკის პრიორიტეტია. თუ იგი უგულებელყოფს აშშ-ის პრიორიტეტებს, ამერიკა არ გაითვალისწინებს მის ინტერესებს, კერძოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებას.

კიდევ ერთი საკითხი, სადაც საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, არის მისი თავდაცვითი პოტენციალის აღდგენა. საქართველოსთვის აუცილებელია გრძელვადიანი დახმარება შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. სავარაუდოდ, ეს მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო დაცვის მოწყობილობებს, წინასწარი შეტყობინების რადარებს და სხვა თავდაცვით შეიარაღებას, რაც არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც საქართველოს წახალისება ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დასაბრუნებლად.

საქართველო ყოველთვის რუსეთზე სუსტი იქნება, თუმცა ეს არ არის მიზიზი იმისა, რომ შეჭრიდან ორ წლისთავზე იგი დაუცველი დავტოვოთ. მიუხედავად იმ ზიანისა, რაც რუსეთმა მიაყენა საქართველოს და ათასგვარი მუქარისა, მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - საქართველოს დემოკრატიული მთავრობა გადარჩა და ვითარდება.

ჩვენ გვაქვს საშუალება, ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩამოყალიბებას ძლიერ, მთლიან და თავისუფალ ერად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვეხსომება, ვინ არის ჩვენი მეგობარი...

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ