დიპლომატები საქართველოს მეამბოხეებს აკრიტიკებენ - კვირის პალიტრა

დიპლომატები საქართველოს მეამბოხეებს აკრიტიკებენ

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ომის ორი წლისთავზე რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის დეფიციტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ძალაში რჩება კონფლიქტის განახლების საშიშროება.

ჰანს იორგ ჰაბერმა, გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც ევროკავშირის 330-კაციან მისიას ხელმძღვანელობს, კვირის მიწურულს წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (მათ რუსეთი უჭერს მხარს) პოლიტიკა, რომლის მიზანია, არ დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები თავის ტერიტორიაზე, დაძაბულობას ამწვავებს.

"დე ფაქტო ხელისუფალნი უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისიის დაშვებაზე, რაც ხელს უშლის მისიის იმ ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის ნორმალიზაციას და სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, - განაცხადა მან, - იმის გამო, რომ ვერ შევდივართ სივრცეებში, რომელსაც სოხუმი და ცხინვალი აკონტროლებენ, სიტუაციაში ვერ შეგვაქვს სიცხადე და ვერ ვწყვეტთ ადგილზე მომხდარ ინციდენტებს".

ჰაბერი მიესალმა ქართველების თანხმობას, ლიმიტი დაუწესონ სადავო საზღვრებთან დისლოცირებულ სამხედრო ძალას და დასძინა, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ტრანსპარენტულობას და განამტკიცებდა უსაფრთხოებას.

იმის გამო, რომ უცნობია იმ რუსული შეიარაღების რაოდენობა, რომელიც დღემდე საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის სავალზეა გაჩერებული, რაც 2008 წლის აგვისტოს საზავო ხელშეკრულების დარღვევაა და ასევე იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში 30000 ეთნიკური ქართველის დაბრუნება შეუძლებელია, ევროკავშირის მისია საერთაშორისო საზოგადოებრიობას აფრთხილებს, რომ სახიფათოა თვითდამშვიდება.

"ჩვენ არ ვფიქრობთ და არც გვგონია, რომ სტაბილიზაცია კონფლიქტის გადაწყვეტის ტოლფასია. ქართველმა ხალხმა 1992-2008 წლებში არაერთი გაკვეთილი მიიღო იმისა, რომ მიუხედავად სიტუაციის სტაბილიზაციაზე შეთანხმებისა და პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობისა, დაპირისპირება მაინც გრძელდებოდა". ევროკავშირის შეუიარაღებელი მეთვალყურეები აქ ალბათ 2011 წლის სექტემბრის შემდეგაც დარჩებიან. სწორედ ამ დროს ეწურებათ მათ დღეს მოქმედი მანდატი.

"ობსერვერი", აშშ