საქართველო და რუსული ძალაუფლების ზღვარი - კვირის პალიტრა

საქართველო და რუსული ძალაუფლების ზღვარი

რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოში რჩებიან, მაგრამ თბილისს ნათელი მომავალი აქვს.

ზუსტად ორი წლის წინ ვაკვირდებოდით, თუ როგორ შედიოდნენ რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე. რუსები ამტკიცებდნენ, სამხრეთ ოსეთს არაპროვოცირებული თავდასხმისგან ვიცავთო, სინამდვილეში ქართველები იცავდნენ თავს სეპარატიზმისგან, რომლის უკანაც რუსეთი იდგა.

2008 წლის ინტერვენციის დროს რუსეთის სატანკო ეკიპაჟის მეთაურმა, რომელსაც ქართველი ფერმერი გზაჯვარედინზე ლუდით და ბოსტნეულით უმასპინძლდებოდა, გვითხრა, - ჩვენ აქ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ვართო. ეს პროპაგანდისტული პოზა ისეთივე საბჭოთა და არქაულია, როგორიც მოსკოვის აზროვნება.

დღეს რუსებს ოკუპირებული აქვთ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაც. მათ აქ ბარიკადების და სათვალთვალო სიმაღლეების აგება დაიწყეს. ამასთან ერთად მოსკოვი სამხედრო ბაზასაც აშენებს.

აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსები აქ დარჩენას დიდი ხნით აპირებენ. მოსკოვის დოტაციაზე დამოკიდებული ხელოვნური ზონები - შავი ხვრელებია. იქ არ არსებობს არანაირი კონკურენტუნარიანი, კანონიერი და განვითარებადი ბიზნესი, მხოლოდ კორუფცია, კონტრაბანდა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი და იარაღით ვაჭრობაა.

აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ თბილისისგან გათავისუფლება და მოსკოვზე დამოკიდებულება არანაირი თავისუფლება არ არის. ისინი ხედავენ, რომ ამერიკელი, ევროპელი, თურქი, ყაზახი, ებრაელი და სხვა ინვესტორები მათ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ მეზობელს დასავლური სტილის სახელმწიფოდ გარდაქმნიან, ეკონომიკის აყვავებაში ეხმარებიან, ამ დროს კი მათი ტერიტორია მავთულხლართების მიღმა ნადგურდება... რუსული პასპორტები და მოსკოვის წყალობა კი, ასევე მათი მითითებით ჩატარებული ფსევდოარჩევნები რეალურ მომავალს ვერ შეცვლის.

ახლახან თბილისში სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს ვესაუბრეთ. გვაგრძნობინა, რომ ქართველები საიდუმლო არხებით სეპარატისტულ რეგიონებთან თანდათანობით დაახლოებასა და მორიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ინტერვენციამ რუსეთის ძალაუფლების ზღვარი ცხადყო, - თქვა მან, - მათ ვერ შეძლეს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა და მთავრობის დამხობა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი გავლენის სფეროში ჩვენი მოქცევა".

მოსკოვის ნეოსაბჭოურობა ძველი სახეობისგან დიდად არ განსხვავდება და ის იმავე მიზეზების გამო დამარცხდება.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ