როგორ შევურიგდეთ საქართველოს - კვირის პალიტრა

როგორ შევურიგდეთ საქართველოს

დმიტრი ტრენინი, მოსკოვის კარნეგი ცენტრის დირექტორი

2008 წლის აგვისტოს "პატარა ომმა" მსოფლიო შეძრა, მაგრამ არ შეცვალა. რუსეთ-საქართველოს შეტაკების შემდეგ ახალი ცივი ომი არ დაწყებულა, მაგრამ ამ ხუთდღიანმა ომმა ცხადყო, რა მყიფეა უსაფრთხოება ევროპაში. დაუცველობის შემაძრწუნებელმა შეგრძნებამ ორივე მხარე აიძულა, ცვლილებები შეეტანათ თავიანთ საგარეო პოლიტიკაში. აშშ-ის პრეზიდენტმა "გადატვირთვის" ღილაკს დააჭირა თითი, მოსკოვმა კი ამერიკასა და ევროპასთან "მოდერნიზებული ალიანსის" ცნება შემოიტანა. ამ გარეგნულად ბედნიერ სამყაროში საქართველო არ დავიწყებიათ, მაგრამ საგულდაგულოდ კი "მოაქციეს ბრჭყალებში".

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, - სააკაშვილთან საქმეს არასოდეს დავიჭერო. შეიძლება დიდხანს მოუწიოს ცდამ თუ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევა და სააკაშვილი, პუტინის მსგავსად, პრეზიდენტობის შემდეგ ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაბრძანდება (თუმცა, ქართველი ხალხისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის მან არ უნდა გაიმეოროს პუტინის გზა).

ამ ხნის განმავლობაში კი რუსეთმა, რომელსაც ყოველთვის კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, კურსი უნდა შეცვალოს - ქართველების გულის მოსაგებად და სააკაშვილის გარეშე მათი მომავლის შესამზადებლად "რბილი ძალა" უნდა გამოიყენოს: პატარა ნაბიჯებითაც კი შეიძლება დიდი გზის გავლა.

ამ ნაბიჯებში კი იგულისხმება ნორმალური ავიამიმოსვლის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება, რუსულ ბაზარზე ხარისხიანი ქართული ღვინოების დაბრუნება და საქართველოს იმ საზოგადოების ნაწილთან კონტაქტების გაფართოება, რომლებსაც კრემლთან კავშირი არ აქვს. ამ კონტაქტებით შესაძლებელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი ტერიტორიული სტატუსის ვარიანტების განხილვა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. აფხაზეთს მომგებიანი მდებარეობა, რესურსები და სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის გამოსადეგი ელიტა ჰყავს.

აშკარაა, რომ ის საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება, მაგრამ შეუძლია მშვიდობასა და აღიარებაში ტერიტორიის ნაწილი გაცვალოს - გალის რაიონი თავისი ქართველი მოსახლეობით უნდა დაუბრუნოს საქართველოს, სამაგიეროდ კი თბილისმა დანარჩენი აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედროების აფხაზეთში ყოფნა ნაკლებაქტუალური გახდება და მისი რაოდენობაც შემცირდება.

აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთი სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა ვერ გახდება. მისი შეერთება ჩრდილოეთ ოსეთთან კატასტროფა იქნება (სულერთია, მოხდება ეს რუსეთის საზღვრების ჩარჩოებში თუ მის გარეთ), მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში სამრეთ ოსეთი ასე იოლად არ დაბრუნდება.

ცხინვალის პრობლემის გადაწყვეტა ანდორის მოდელით იქნება შესაძლებელი, ანუ სამხრეთ ოსეთი ინარჩუნებს დამოუკიდებლობის ფორმალურ ატრიბუტებს: ბეჭდავს თავის ფულს, მარკებს, დროშას აღმართავს.

საქართველო კი იქ დარჩენილი ან დასაბრუნებელი ქართველების უსაფრთხოების კანონიერი გარანტი იქნება, ეს გარემოება საქართველოსაც დაიცავს მის დედაქალაქზე უეცარი თავდასხმისგან. რუსეთის ჯარი კი როკის გვირაბიდან ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს და სამხრეთელი ოსების დაცვის უფლებას დაიტოვებს.

საჭიროების შემთხვევაში კი მშვიდობას პოლიციის ერთობლივი ძალები დაიცავენ. რასაკვირველია, დარეგულირების ამ მოდელის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს დიდ დათმობებზე მოუწევს წასვლა, მაგრამ ახლანდელ სიტუაციას მაინც აჯობებს.

მეორე მხრივ, საქართველო ბევრს მოიგებს, როგორც თავიდან გაერთიანებული ქვეყანა დარეგულირებული კონფლიქტებითა და ჩრდილოელ მეზობელთან მოწესრიგებული ურთიერთობებით. ამის შემდეგ ის თავისი ძალების მობილიზებას შეძლებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებზე. და ის კონფლიქტები, რომელმაც საქართველო კრახის საშიშროების წინაშე დააყენა, ისტორიის კუთვნილება გახდება.

"მოსკოუ ტაიმს", რუსეთი