ქართული სინდრომი - კვირის პალიტრა

ქართული სინდრომი

ორი წელი გავიდა აგვისტოს კატასტროფული ომიდან, თბილისი კი უფრო მშვენდება, მაგრამ ქართველები მაინც ნერვიულობენ, რადგან ბარაქ ობამას კეთილი განწყობისა ეეჭვებათ.

რუსეთმა საქართველოსთან ომის მეორე წლისთავი ტრადიციულად აღნიშნა: პრეზიდენტი მედვედევი სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავიდა და გაურკვეველ ქართულ საფრთხეებთან გასამკლავებლად იქ რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსება ბრძანა. ქართველები, რომლებიც რუსეთის ყველა პროვოკაციულ აქტს აპოკალიფსის პრელუდიად აღიქვამენ, შეშფოთდნენ. ობამას ადმინისტრაცია კი შეეცადა, მოეძებნა ბალანსი საქართველოს დაცვასა და რუსეთთან "გადატვირთვის" შენარჩუნებას შორის. მაგრამ რას იღონებს აშშ, თუკი კრემლი უარს იტყვის უკანონო და უსამართლო ომში დაპყრობილი ტერიტორიების დატოვებაზე?

საქართველო რუსეთს ძლიერებით ბევრად ჩამორჩება, მაგრამ დიდი უპირატესობა გააჩნია "რბილი ძალის" საკითხში, რაც მოსკოვს საგონებელში აგდებს და აცოფებს კიდეც. ისრაელის მსგავსად, საქართველო ქვეყანაა, რომელსაც ბევრი ამერიკელი რაციონალურად უბრალოდ ვერ აღიქვამს. უმშვენიერესი და უძველესი თბილისის სტუმრები უმალ იხიბლებიან ე.წ. "ქართული სინდრომით": გულითადი სენტიმენტალიზმით გაჟღენთილი დიდებული ნადიმებით, ცენტრალური ევროპისთვის დამახასიათებელი ბულვარებითა და დასავლური ღირებულებებისადმი უსაზღვრო ერთგულებით.

როცა 2005 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისში ჩავიდა, ის აღფრთოვანებისგან აცეკვდა კიდეც. დემოკრატიისთვის ჯვაროსნულ ლაშქრობაში საქართველო მის არაოფიციალურ თილისმად იქცა. ამ პატარა ქვეყნით მოხიბლულმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინა (თანაწარმდგენელი ჰილარი კლინტონი გახლდათ)...

მაგრამ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის ბარაქ ობამას მონუსხვის შესაძლებლობა საქართველოს ჯერ არ მისცემია... ქართველები შიშობენ, ვაითუ ამ მიუკერძოებელ და უცხო კაცზე "ქართულმა სინდრომმა" არ გაჭრასო. ექსპერტ თომას ვაალის აზრით, რუსეთს შესაძლოა დასავლეთთან საკუთარი "გადატვირთვაც" უნდოდეს და აქ საქართველოსთან შერიგებაც იგულისხმებოდეს, ოღონდ სააკაშვილის შემდეგ.

საქართველო რუსეთის რეგიონულ ბატონობას არასოდეს დაუშვებს. დასავლეთი სააკაშვილს ურჩევს, - რუსეთს და პუტინს ნუ აღიზიანებო, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მოსკოვს საქართველოსთან შერიგება კი არა, მისი დამცრობა სურს.

რუსეთს რომ მხოლოდ ქართული უღლისგან აფხაზებისა და ოსების განთავისუფლება ჰქონოდა მიზნად, თუნდ მტკიცე ავტონომიის შექმნის წინადადებით გამოვიდოდა, მაგრამ სხვა რამ ჰქონდა გუნებაში - თუ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა, დასავლეთის ერთიანი ზეწოლის გარეშე ის თავის ჯარებს რეგიონიდან არ გაიყვანს.

თუ კრემლი კვლავ შეეცდება საქართველოსთან შეტაკებას, მაშინ კი შეიძლება დასავლეთმა რეაგირება მოახდინოს. მაგრამ თუ მოსკოვს მხოლოდ თავისი მიღწევების განმტკიცება სურს? საეჭვოა, ევროპელმა ლიდერებმა და აშშ-მაც ეს საკმარის მიზეზად მიიჩნიონ და რუსეთთან ურთიერთობა გაიფუჭონ.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ერთ-ერთი იმ დანაშაულთაგანია, რომელიც შეიძLლება მავანთ მიუღებლად მიაჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ვიღაც ამას ეთანხმება კიდეც და იმ მომენტს ელის, როდესაც კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება გახდება შესაძლებელი.

ეს არის ის სინამდვილე, რასაც საქართველოს ლიდერები მეგობრებისგან უნდა ისმენდნენ და არა მოწინააღმდეგეებისგან.

"ფორინ პოლისი", აშშ